საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჯეპრას მიერ გამოცხადებული კონკურსის, დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
ჟიურის წევრებმა, გია გუგუშვილმა, თამაზ ვარვარიძემ, გოგა ჩანადირმა, ეკატერინე ჟვანიამ და სოსო გალუმაშვილმა გამარჯვებული, ეთო ზირიშვილი გამოავლინეს, რომელსაც ჯეპრას დირექტორმა, ეკატერინე ჟვანიამ, A3 ზომის Wacom-ის სახატავი პლანშეტი გადასცა.
ჟიურის წევრმა გია გუგუშვილმა თავის რჩეულად დაასახელა და საჩუქარი გადასცა კონკურსის ფინალისტს ზურაბ მარხვაშვილსაც.
შეგახსენებთ, რომ პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრამ, დიზაინერებისთვის კონკურსი ზღაპარ „რწყილი და ჭიანჭველას“ ილუსტრაციების შექმნაზე სექტემბერში გამოაცხადა. კონკურსი 2 ეტაპს მოიცავდა. პირველ ეტაპზე მონაწილეებს აღნიშნული ზღაპრის ნებისმიერი სცენიდან ილუსტრაციის გამოგზავნა ევალებოდათ.
მეორე ეტაპზე კი, ჟიურიმ სამი ფინალისტი შეარჩია, რომელთაგან ერთი საუკეთესო, დამატებითი დავალების შესრულების შემდეგ უნდა გამოვლენილიყო.
„ეს იყო დაბრუნება ბავშვობაში, იმ სამყაროში, საიდანაც ჩვენ ყველანი მოვდივართ. 28 სრულიად სხვა თვალით დანახული ჩვენი საყვარელი ბავშვების გმირები, რწყილი და ჭიანჭველა და თავდადებული მეგობარი, რომელიც მეორის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებს. ჩვენ ყველამ ვისიამოვნეთ „რწყილი და ჭიანჭველას“ ახალი სახეებით. ჯეპრა ულოცავს კიდევ ერთხელ კონკურსის გამარჯვებულს, ეთო გზირიშვილს. ჩვენ ვაგრძელებთ კონკურსების ხაზს და ძალიან მალე ჩვენ, საზოგადოებას კიდევ ერთ საინტერესო კონკურსს შევთავაზებთ“-აცხადებს ჯეპრას პრომოუშენ მენეჯერი, ხატია ალფაიძე.