წითელი ჯვრის საზოგადოების ოზურგეთის ფილიალის წარმომადგენლობამ სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ამანათები გადასცა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან მერაბ ჭანუყვაძესთან და გამგეობის სოციალური სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დღეს „წითელმა ჯვარმა“ სოფელ შემოქმედში გუდავაძეების, პეშკოვების, ცუხიშვილებისა და მენაბდეების ოჯახებს ჰუმანიტარული დახმარება მიუტანა. ამანათების შემადგენლობაში საკვები პროდუქტები და ჰიგიენური ნივთები შედის, რომლებიც, ასევე, გადაეცემა მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის სტიქიით დაზარალებულ ოჯახს.
საზოგადოება „ წითელი ჯვარი“ ჰუმანიტარული საქმიანობის სფეროში ხელისუფლების დამხმარე დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც მოსახლეობას არამარტო საკვები პროდუქტებითა და მედიკამენტებით ეხმარება. როგორც საზოგადოების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის გამგებელთან და მის მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრაზე განმარტეს, ორგანიზაციაა მზადაა მუნიციპალიტეტებს შესაბამისი დახმარება საგანგებო სიტუაციების დროსაც გაუწიონ.
„ვიქნებით ერთ-ერთი სამაგალითო „წითელ ჯვართან“ თანამშრომლობის კუთხით, რადგან ჩვენი სოფლების თითქმის 70% მეწყერსაშიშ ზონაშია, ხშირად დგება პირველადი დახმარების საჭიროება, რის საშუალებაც, სამწუხაროდ, ადგილობრივ ბიუჯეტს არ აქვს. ამიტომ მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის დახმარება. ჩვენ კატეგორიებად დავყოფთ მოსახლეობას და ის, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს დახმარებას, პირველ რიგში დაკმაყოფილდება“, - აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგებელმა.