სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის ოთარ დანელიას ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის ქალაქ ბორდოში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში ოთარ დანელია ქალაქ ბორდოს ვიცემერს, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, შტეფან დელოს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა საქართველოში აგრო ტურიზმის, კერძოდ კი, ღვინის ტურიზმის განვითარების პოტენციალზე ისაუბრა. შტაფან დელომ ქართული დელეგაციის წევრებს ბორდოში ღვინის კულტურისა და ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე ინფორმაცია მიაწოდა. ბორდოს ვიცემერმა ქართველ სტუმრებთან ერთად ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრის მშენებარე კომპლექსი დაათვალიერა. „კომპლექსის მშენელბლობა ბოროდს მერის, ალან ჟუპეს ინიციატივას წარმოადგენს; პროექტის რეალიზაციაში ჩართულები არიან როტშილდების, ასევე სხვა მსოფლიოში ცნობილი ოჯახები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ღვინოს აწარმოებენ. ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში ნაკლებად იქნება წარმოდგენილი მუზეუმისთვის დამახასიათებელი არქეოლოგიური ნაწილი. აღნიშნული ცენტრი, რომელიც 14 ათას კვადრატულ მეტრზე იქნება განლაგებული, თანამედროვე არქიტექტურითა და ტექნოლოგიებით, მათ შორის თანამედროვე მუზეუმებისათვის დამახასიათებელი სპეცეფექტებით იქნება აღჭურვილი. ცენტრში წარმოდგენილი იქნება დარგში არსებული უახლესი მიღწევები“, - განაცხადა შტეფან დელომ შეხვედრაზე. ოთარ დანელია და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ლევან დავითაშვილი ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრის პროექტის ავტორებსაც შეხვდნენ. შეხვედრაზე გამოიკვეთა თანამშრომლობის კონკრეტული პერსპექტივები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში პროექტის ხელმძღვანელები საქართველოს ეწვევიან და გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის გაფორმების შედეგად ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში, რაც უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქართული ღვინის პოპულარიზაციისათვის.
ქ. ბორდოში ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციამ სანტემილიონის კოოპერატივი მოინახულა. სანტემილიონის კოოპერატივის პრეზიდენტთან, ჟან ფრანსუა დანგლადესთან შეხვედრაზე ოთარ დანელიამ საქართველოში კოოპერატივების განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. სანტემილიონი ბორდოში ელიტარული, ძვირადღირებული ღვინოების მწარმოებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონია. სანტემილიონის კოოპერატივი 1931 წელს დაარსდა და იგი 150 მწარმოებელს აერთიანებს. „სენტიმილიონის კოოპერატივში გაერთიანებული მევენახეების საკუთრებაში არსებული ფართობები საშუალოდ 2,5 ჰექტარს არ აღემატება. შესაბამისად, მათ წარმატებულ საქმიანობას სწორედ კოოპერატივში გაერთიანება წარმოადგენს და ისინი მაღალ შედეგს მხოლოდ გაერთიანებული ძალისხმევის შედეგად იღებენ“, - განაცხადა ჟან ფრანსუა დანგლადემ შეხვედრაზე. სენტიმილიონის კოოპერატივი გამორჩეულია იმითაც, რომ მასში ინდივიდუალური ეტიკეტირების სისტემა არის შემორჩენილი. ამგვარად, სენტიმილიონის კოოპერატივში 70მდე ინდივიდუალური მეწარმის ინდივილუალური ღვინის წარმოება ხორციელდება. კოოპერატივი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, ინდუსტრიული ტექნოლოგიებითა და საკუთარი ლაბორატორიით.
ოთარ დანელიამ მადლობა გადაუხადა ჟან ფრანსუა დანგლადეს საინტერესო შეხვედრისთვის და კოოპერატივის ხელმძღვანელობა საქართველოში მოიწვია.