2014 წლის რთველი წარმატებით განხორციელდა. ყურძნის კრეფა მთელი ქვეყნის მასშტაბით ფაქტობრივად დასრულებულია.
შთამბეჭდავია წლევანდელი რთველის სტატისტიკური მონაცემები - ქვეყნის მასშტაბით გადამუშავდა 119 051 ტონა ყურძენი, ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოასავალმა 170 მლნ ლარს მიაღწია. წელს, რთველის პერიოდში ყურძნის ფასიც უპრეცედენტოდ მაღალი იყო და ისტორიული მაქსიმუმი შეადგინა.
სახელმწიფოს ხელშეწყობით, შესრულდა დანაპირები - მაქსიმალურად მოხდა ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობა. ღვინის მწარმოებელი კომპანიები დღესაც განაგრძობენ ყურძნის მიღებას. შესაბამისად, არცერთ მევენახეს მოსავალი ჩაუბარებელი არ დარჩება.
რთველის მიმდინარეობის პერიოდში, არაერთხელ ყოფილა მცდელობა რთველის პროცესის შეფერხებისა თუ ჩაშლის, მაგრამ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი, ორგანიზებული მუშაობით ყველა წინააღმდეგობა გადაილახა და შედეგად, 2014 წლის რთველი ბოლო ათეული წლების მანძილზე ერთ-ერთი საუკეთესო და წარმატებულია. ამას არსებული სტატისტიკაც ადასტურებს.
დღეს, როდესაც რთველი ფაქტობრივად სრულდება, ცაგერის მუნიციპალიტეტში, გარკვეული ჯგუფები კვლავ ცდილობენ ხელი შეუშალონ ყურძნის ჩაბარების პროცესს. ღვინის კომპანიები შეუფერხებლად განაგრძობენ ყურძნის მიღებას და მზად არიან ოჯალეშის ჯიშის ყურძენში გადაიხადონ მაქსიმალური ფასი (2.50 ლარი), რაც კი ცაგერში ოდესმე დაფიქსირებულა. აქედან გამომდინარე, მევენახეების მხრიდან ფასის გაპროტესტება და რთველის პროცესის შეფერხება გაუმართლებელია.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში დასრულდა ის დრო, როდესაც სახელმწიფო უხეშად ერეოდა რთველის პროცესში, თავად განსაზღვრავდა ყურძნის ფასს და კერძო სექტორის კონკურენტი ხდებოდა. სახელმწიფო ფასების რეგულაციაში არ ჩაერევა. ფასს არეგულირებს ბაზარი.
ღვინის ეროვნული სააგენტო, კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არცერთ მტევანი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.