სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთში საშიში მავნებლის - იტალიური კალიის წინააღმდეგ ავიაციით წამლობა დაასრულა. ამ ეტაპზე აღმოსავლეთ საქართველოში 25 649 ჰა ფართობია დამუშავებული. წამლობა სამანქანე დანადგარებით მავნებლის დაჭუპრებამდე გაგრძელდება.
აღნიშნული ღონისძიება სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის" ფარგლებში აღმოსავლეთ საქართველოში 6 მაისიდან დაიწყო. თავდაპირველად სამანქანე დანადგარებით დამუშავდა მავნებლის გავრცელების კერები კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში. ამ ეტაპისთვის სპეციალური სამანქანე ტექნიკით შეწამლულია 15 749 ჰა ფართობი. მავნებლის ძლიერი გავრცელების გამო 23 მაისიდან საჭირო გახდა ავიაციის გამოყენება, რომლის საშუალებითაც შეიწამლა სამანქანე დანადგარებით მიუდგომელი ფართობები, სასოფლო-სამეურნეო კულტურები და საძოვრები. ამ ეტაპზე ავიაციით დამუშავებულია 9 900 ჰა.
სახელმწიფო პროგრამის მიხედვით სამუშაოების ჩატარება დაგეგმილი იყო 26 000 ჰა ფართობზე, თუმცა, მავნებლის ძლიერი გავრცელების გამო დამუშავდება ბევრად მეტი ფართობი.
იტალიური კალია განსაკუთრებით საშიში, პოლიფაგი მავნებელია, რომელიც ანადგურებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებსა და მწვანე ნარგაობას. მავნებლის რეზერვაცია დაუმუშავებელი მიწებია. იგი განსაკუთრებით აზიანებს საძოვრებს, სათიბებს, ჯეჯილს, დეკორატიულ მცენარეებს, ბუჩქებს, ტყეს. სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან უპირატესობას ანიჭებს მზესუმზირას, კარტოფილს, გოგროვნებს; ბოსტნეული კულტურებიდან - ხახვს; მრავალწლიანი ნარგაობიდან - ვაზსა და ხეხილს, ხოლო საკვების ნაკლებობის შემთხვევაში ანადგურებს პარკოსნებსა და პურეულ მარცვლოვნებს. საქართველოს ტერიტორიაზე იგი აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული.
წელს წამლობა მიმდინარეობდა კახეთსა და ქვემო ქართლში. სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, ყვარლის, საგარეჯოსა და ახმეტის ტერიტორიაზე დამუშავებულია 22 824 ჰა ფართობი. მარნეულის, თეთრიწყაროსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში - 2 825 ჰა.