ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დაწყების შესახებ პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დილის 8:00 საათიდან საარჩევნო უბნები გახსნილია და საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
ეკა აზარაშვილის ინფორმაციით, ინციდენტი მოხდა მარტვილის #16 საარჩევნო უბანზე, სადაც ღამის 2 საათისთვის, ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს საარჩევნო ბიულეტენები. სამართალდამცავები უკვე მუშაობენ აღნიშნულ საქმეზე. ამ უბანზე ხელახლა ჩატარდება არჩევნები.
ცესკოს სპიკერმა ასევე შეახსენა არჩევნებში ჩართულ მხარეებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება საარჩევნო აგიტაცია. ასევე აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში. კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება აკრძალულია.
ეკა აზარაშვილის განცხადებით, კომისია დღის განმავლობაში ყოველ ორ საათში ერთხელ გამართავს საინფორმაციო ბრიფინგს. ცესკო პირველ მონაცემებს ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ გამოაცხადებს 13:30 საათზე. 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხელი ხაზი - 2 51 00 51 და ონლაინ ოპერატორი (www.cesko.ge).
“საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია მოგიწოდებთ აქტიური მონაწილეობა მიიღოთ კენჭისყრის პროცესში,” - განაცხადა ეკა აზარაშვილმა.