ადგილობრივი საბჭოების შემადგენლობის განახლებასთან დაკავშირებით, საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭომ ადგილობრივი საბჭოს წევრის კანდიდატურაზე წარსადგენი დოკუმენტების მიღების ვადა კიდევ 5 სამუშაო დღით გააგრძელა. დოკუმენტების მიღება 20 ივნისს, 19:00 საათისთვის დასრულდება.
სამინისტროს საკოორდინაციო საბჭომ 2 ივნისს ვაკანსია გამოაცხადა საქართველოს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს, აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს, დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს, არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს, ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს წევრის ორ-ორ კანდიდატურაზე, (ანაზღაურების გარეშე) რომელთაგან ერთს დაიკავებს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ხოლო ერთს ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი.
სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს წევრობის უფლება აქვს:
1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, რეგისტრაციაში გატარების მომეტისათვის, ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას.
2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლის, კრიმინოლოგიის, ფსიქოლოგიის ან სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერების განხრით მუშაობის გამოცდილება, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის შერჩევისას, უპირატესობა მიენიჭება იმ პედაგოგს, რომელსაც კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება აქვს.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთმანეთში კონსულტაციებისა და შეთანხმების შედეგად, კანდიდატურა საბჭოში მითითებულ ვადაში უნდა წარადგინონ. იმ შემთხვევაში თუ კონსულტაციების შედეგად შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა, არასამთავრობო ორგანიზაციას უფლება ენიჭება კანდიდატურა დამოუკიდებლად წარადგინოს, იგივე ვადა ეძლევა კანდიდატურის წარსადგენად უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებსაც.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის კანდიდატურის წარმოდგენასთან დაკავშირებულ წერილობით მიმართვას თან უნდა ერთვოდეს ორგანიზაციის წესდების ასლი ნოტარიალურად დამოწმებული სახით, ხოლო საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის კანდიდატურის წარმოდგენის შემთხვევაში, წერილობით მიმართვას თან უნდა დაერთოს დაწესებულების რეგისტრაციისა და შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები.
დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ტელეფონის ნომერზე
231 27 47 (7420)
ელექტრონული ფოსტა gujmajuridze@moc.gov.ge