საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ოთარ დანელია და მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, გაეროსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად სენაკის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ განხორციელებულ დევნილებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ხელშეწყობის პროგრამას გაეცნენ, ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულატაციო ცენტრი და ინოვაციური, ეკოლოგიურად სუფთა სათბურები მოინახულეს. სენაკში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ გაეროს ხელმძღვანელი საქართველოში ნილს სკოტი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელი საქართველოში სიმონე ვოლკენი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი.
2013 და 2014 წლებში ფერმერთა საკონსულტაციო, ექსტენციის ცენტრში პრაქტიკული დახმარება აქ 700-ზე მეტმა ფერმერმა მიიღო. ცენტრი ადგილობრივი ფერმერებისთვის ტრენინგებს მართავს და თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მიმართულებების შესახებ საჭირო ინფორმაციას აწვდის. ცენტრის დახმარებით, განხორციელდა 30-მდე სადემონსტრაციო პროექტი, რომელთა დანიშნულებაა სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა.
ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სადემონსტრაციო პროექტია სენაკის მუნიციპალიტეტში მდებარე ინოვაციური სათბური, რომელიც შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება. ენერგოეფექტური სათბური ფუნქციონირებისთვის ენერგიის ჰიბრიდულ სისტემას - გეოთერმულ და მზის ენერგიას იყენებს. სათბური გადახურულია პოლიკარბონატით - მდგრადი და ეკონომიური მასალით, რომელიც შესანიშნავ თბოიზოლაციას უზრუნველყოფს. ტრადიციულ სათბურებთან შედარებით, ასეთი სათბური 60 პროცენტით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს. ხოლო სათბურში გეოთერმული ენერგიის გამოყენება საქართველოსთვის ინოვაციური მიდგომაა.
აღნიშნული თანამედროვე, ინოვაციური სათბურით სარგებლობას მცირე ფერმერები, მეტწილად დევნილები და პროფესიული სასწავლო ინსტიტუტების აგრარული პროფილის სტუდენტები შეძლებენ. სათბურში პრაქტიკული სწავლება 50-ზე მეტმა სტუდენტმა უკვე გაიარა.