"ბანალობაა მაგრამ ცხადია, რომ ჰიდრორესურსების ათვისებით ქვეყანას ახალი საექსპორტო სექტორი გაუჩნდება. ჰიდროპოტენციალის ათვისება, ასევე უალტერნატივოა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. ამასთან, ალტერნატივა არ აქვს ხუდონჰესს"– მიაჩნია "ლიბერთი ბანკის"
სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელ დირექტორს და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ლადო გურგენიძეს.
ხუდონჰესის მასშტაბის პროექტების როლს ქვეყნის უარყოფითი საგარეო სავაჭრო ბალანსის შემცირების საკითხებში ხედავს ექსპერტი ენერგეტიკისა და ტრანზიტის საკითხებში ექსპერტი ლიანა ჯერვალიძეც: "დარღვეული გვაქვს ექსპორტ-იმპორტის ბალანსი და ვფიქრობ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ექსპორტის ხელშესაწყობად. მაშინ ვაწარმოოთ იმდენი ვაშლი და მსხალი, რამდენიც გვჭირდება და არ გავიტანოთ ექსპორტზე. თუ დღეს არ დავიწყეთ, მომავალში როცა დაგვჭირდება, ეს აღარ გვექნება".
CFS საინვესტიციო ბანკის დირექტორი მარინა გულედანი კი ელექტროენერგიას, როგორც საექსპორტო პროდუქციას, საქართველოს სავალუტო რეზერვების გამყარების და ეროვნული ვალუტის სტაბილურობის საშუალებად ხედავს.
"რა თქმა უნდა, ჰიდრორესურსებით მიღებული ელექტროენერგია, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო პოტენციალია და კარგი საშუალებაა სავალუტო რეზერვებისა გაზრდისა და ეროვნული ვალუტის გასამყარებლად. საქართველოში ზოგიერთი ე.წ. მოდენაზე მომუშავე წყლის სადგური სწორედ ზაფხულის პერიოდში არსებული ჭარბი ელექტროენერგიის თურქეთში ექსპორტის გათვლით შენდება. ასეთი ჰესები კაშხალს არ საჭიროებენ. დაგეგმილი ჰესების ნაწილიც რომ აშენდეს, საქართველოს არც ეყოფა არსებული თურქეთში გადამცემი ხაზის სიმძლავრე, რომ ექსპორტი სრულად უზრუნველყოს და დამატებითი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა დაჭირდება", – ამბობს მარინა გულედანი.
ოფიციალური სტატისტიკით კი, ამ წლის განმავლობაში საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი მხოლოდ მაისში მოახერხა. ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკოს) ინფორმაციით, საქართველომ ელექტროენერგია რუსეთში, სომხეთსა და თურქეთში გაიტანა. კერძოდ, რუსეთში მაისში 88,41 მლნ კვტ.საათი ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა, სომხეთში- 64,5 მილიონის და თურქეთში - 8,6 მლნ კვტ.საათის. აღსანიშნავია, რომ წლის პირველ 5 თვეში საქართველომ უცხოეთიდან 280,78 მლნ კვტ.საათი ელექტროენერგია შეისყიდა და 161,6 მლნ გაყიდა.
"საქსტატის" მონაცემებით, 2014 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს უარყოფითი საგარეო სავაჭრო სალდო 1.576 მლრდ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46 პროცენტი იყო.