თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზეა

თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზეა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის აქციების პირველადი შეთავაზება (IPO - Initial Public Offering) განხორციელდა.    

ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის ტრანზაქცია - თიბისი ბანკის მიერ განთავსებული აქციების ღირებულებამ 400 მილიონ ლარს გადააჭარბა.

ეს არის ქართული კომპანიის მიერ აქციების ყველაზე მასშტაბური განთავსება საფონდო ბირჟაზე. თიბისი ბანკის აქციები უკვე შეიძინა 100-მდე მაღალი რეპუტაციის მქონე ინსტიტუციონალურმა ინვესტორმა დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, სკანდინავიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან.

ამ ნაბიჯით, თიბისი ბანკი შეუერთდა მსოფლიოს უმაღლესი სტანდარტების მქონე კომპანიებს, რომლებიც წარმოდგენილნი არიან ლონდონის საფონდო ბირჟაზე - ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ბირჟაზე მსოფლიოში.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსების შემდეგ, თიბისი ბანკის ინვესტორთა ბაზა გაფართოვდება, რაც დაეხმარება ბანკს გრძელვადიან განვითარებასა და სტრატეგიული მიზნების მიღწევაში. ამასთან, თიბისი ბანკის მრავალი აქციონერი, ინსტიტუციონალური აქციონერების და დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ჩათვლით, რჩებიან ბანკის აქციონერებად.