"როცა ინვესტორები არ იმალებიან, ოფშორი საშიში არ არის"

საქართველოში დამკვიდრებულია აზრი, თითქოს ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიების უკან საეჭვო რეპუტაციის ან საქმიანობის ადამიანები უნდა იდგნენ, ისინი ვინც რაღაცას მალავს, ვისი ვინაობაც არ უნდათ რომ გამჟღავნდეს. ეს დამოკიდებულება ძირითადად 90-იანი წლებიდან ჩამოყალიბდა, როდესაც საქართველოში პირველად გამოჩდა მსგავსი კომპანიები და ხშირად ირკვეოდა, რომ მათ უკან მთავრობის მაღალჩინოსნები ან მათთან დაახლოებული პირები იდგნენ.

სინამდვილეში კი ოფშორული ბიზნესი, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ძალიან მიღებული და გავრცელებული ფორმაა. ისეთი ოფშორული ცენტრები, როგორებიცაა ჯერსი და ბაჰამა მსოფლიოს მთელი ქონების საკმაოდ დიდი ნაწილის მფლობელი კომპანიების „დაფუძნების ადგილია“.  ოფშორული ზონა თავისუფალი ეკონომიკური ზონის განსაკუთრებული სახეა, სადაც შეღავათიანი რეჟიმი განისაზღვრება სავალუტო შეზღუდვის უქონლობით, მოგებათა თავისუფალი გატანით, საწესდებო კაპიტალის დაბალი დონით, ფირმის რეგისტრაციისა და მართვის მაქსიმალურად გამარტივებული პროცედურით, საგადასახადო დანაკარგების შემცირების შესაძლებლობით, ფირმის მფლობელთა სრული ანონიმურობითა და კონფიდენციალობით. სწორედ ესაა ის პირობები, რაც სხვადასხვა კომპანიების დამფუძნებლებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ოფშორში იზიდავს.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძე ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან საუბრისას აცხადებს: "საქართველოში ინვესტორების უმრავლესობა მოქმედებს ოფშორული ზონიდან შემოსული ინვესტიციებით. ისინი აფუძნებენ საქართველოში კომპანიას, რომელიც მთლიანად მოქცეულია საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში, იხდის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ გადასახადებს და მისი დამფუძნებლის შესახებ ინფორმაცია ღიაა. რაც შეეხება ოფშორული კომპანიების პრაქტიკას, ეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეში და განვითარებად ქვეყნებში მიღებული პრაქტიკაა, რაც ზრდის ინვესტიციების დაცულობის ხარისხს და მისი დაკარგვის რისკებს ამცირებს."

თუმცა, არიან ამ აზრის ოპონენტებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თუ კომპანიის რომელიმე მეწილე ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული, ეს უკვე რისკის შემცველია. მაგალითად, როგორც ეს ხდება ერთ-ერთი დიდი პროექტის,  "ხუდონჰესის" შემთხვევაში.

"ხუდონჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანია "ტრანსელექტრიკა ჯორჯია" საქართველოშია რეგისტრირებული და ყველა გადასახადს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადაიხდის. ოფშორში კი მხოლოდ მის მფლობელ ერთ-ერთ კომპანიას აქვს რეგისტრაცია გავლილი, რაც  მხოლოდ საგადასახადო ფაქტორებს უკავშირდება. ეს ყველაფერი რისკების შემცირებისთვის შესრულდა."- განაცხადა ხუდონჰესის ერთერთმა ინვესტორმა, ბუპენდრა კასანგრამ, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ ეს თემა უნდა გავყოთ ორ ნაწილად: „პირველი - როდესაც ოფშორი არის ტექნიკური და ფინანსური საკითხების მოგვარების საშუალება და მეორე - როდესაც ოფშორული კომპანიის უკან მდგომი პირები იმალებიან. წინა ხელისუფლების დროს იყო ასეთი პრაქტიკა: ჩნდებოდა ოფშორული კომპანიები და არ ვიცოდით ვინ იდგა მათ უკან.

ხუდონჰესის თემა რომ ავიღოთ,  მისი მშენებელი კომპანია "ტრანსელექტრიკა ჯორჯია" არის ქართული კომპანია, რომელიც გადასახადებს გადაიხდის საქართველოში. რაც შეეხება მის დამფუძნებელ ინდურ კომპანიას, ისინი ნამდვილად წარმოადგენენ ოფშორულ კომპანიას. როდესაც საინვესტიციო სახსრების მოძიება ხდება საერთაშორისო ბაზარზე, ეს მიღებული პრაქტიკაა, რადგან საინვესტიციო ბანკებისთვის ძალიან მარტივია ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიებთან ურთიერთობა.

თუკი ინვესტორები ჩამოდიან, ხვდებიან მედიის წარმომადგენლებს, ელაპარაკებიან მათ და კითხვებზე სცემენ პასუხს, რატომ უნდა მქონდეს ეჭვი რამეზე? საქართველოში "თელასიც" ოფშორულ რეჟიმში მუშაობს დღესდღეობით და სხვა ენერგეტიკული კომპანიებიც. მაგალითად "სოკარის" მიერ განხორციელდა ტრანზაქცია და ოფშორული თანადამფუძნებელი ჰყავს. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. მთავარია, გადასახადის გადამხდელი  ქართულ იურისდიქციაში მოექცეს და მისი საქმიანობა იყოს გამჭვირვალე.

ძალიან კონკრეტულ მაგალითს გეტყვით, ავიღოთ ყირიმის თემა.  ყირიმში განხორციელებული ინვესტიცია მხოლოდ ადგილობრივი  და არა ოფშორული კომპანიების მიერ რომ მომხდარიყო, დღეს უკრაინული ინვესტიცია უცებ გადაიქცეოდა რუსეთის საკუთრებაში მყოფ ინვესტიციად. ეს რისკები, სამწუხაროდ არსებობს არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის,  ზოგადად მსოფლიოსთვის.”