პროექტ ხუდონჰესის მშენებლობის თემაზე არტ კაფე „ბეთ ჰაიმში“ არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივასა" და წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის შეხვედრა გამიართა. შეხვედრას სხვადასხვა დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ, რომლებმაც სტუდენტებს ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული დეტალები გააცნეს.
სტუდენტების მხრიდან, შეხვედრას დიდი ინტერესი მოჰყვა. მათი შეკითხვები ძირითადად პროექტის ეკონომიკურ ეფექტს ეხებოდა - რა სარგებელს მოუტანს ხუდონი ქვეყნის ბიუჯეტს და ზოგადად რა გავლენას იქონიებს ეკონომიკაზე.
„ჩვენ მივესალმებით მსგავს შეხვედრებს. დღეს განიხილებოდა ხუდონის ეკონომიკური ეფექტები. სტუდენტები მხარს ვუჭერთ ამ პროექტს და მიგვაჩნია რომ ის მნიშვნელოვანია საქართველოსთვის“- განაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტმა მიხეილ კირცხალიამ.
"საქართველოს დღეს უწევს არჩევანის გაკეთება თუ რა გზით წავა ქვეყანა. ხუდონჰესის აშენება საშუალებას მოგვცემს წავიდეთ განვითარებისა და პროგრესის მიმართულებით. ჩვენი მიზანია ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას აღნიშნული პროექტის შესახებ. დღეს შევხვდით სტუდენტებს და მოვისმინეთ მათი შეხედულებები ხუდონჰესის პროექტის შესახებ" - განაცხადა "საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძემ.
" ჩვენი აზრით, ხუდონჰესის მშენებლობა არის ერთადერთი გზა, რომ გავხადოთ საქართველო ენერგოდამოუკიდებელი და განვავითაროთ ეკონომიკა და ბიზნესი, შევქმნათ ახალი საწარმოები და სამუშაო ადგილები" - განაცხადა "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელმა მერაბ ჯანიაშვილმა.
მსგავსი ტიპის შეხვედრები სიპი-ის ინიციატივით მომავალშიც იგეგმება.