სოფლის მეურნეობის მინისტრს შალვა ფიფიასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს იეი ბინს შორის გაცნობითი სახის შეხვედრა შედგა.
მინისტრმა ელჩს, რომელიც დიპლომატიურ მისიას საქართველოში 2013 წლის ნოემბრიდან ასრულებს, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში სახელმწიფო სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები გააცნო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება, მათ შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით მხარეებისთვის მნიშვნელოვანია. შალვა ფიფიამ ისაუბრა იმ პროექტებზე, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2013 წელს განახორციელა და რომლებიც მასშტაბითა და მნიშვნელობით უპრეცედენტო იყო. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების სამომავლო გეგმებსაც.
შეხვედრაზე მხარეებმა სასათბურე მეურნეობებისა და ბოსტნეულის მოშენების ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის განცხადებით, ჩინეთის ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს საირიგაციო და სადრენაჟე საქმიანობისთვის საჭირო მძიმე ტექნიკის გადმოცემას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ჩინეთის რესპუბლიკას შორის სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის ფარგლებში 2012 წელს ქართულმა მხარემ საჩუქრად საირიგაციო ტექნიკა მიიღო.