„პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ დღეს არსებული ენერგეტიკული ბალანსიდან გამომდინარე, მართლაც აუცილებელია დამატებითი რესურსების გამოყენებით მეტი ენერგია მივიღოთ. ეს გვჭირდება იმისათვის, რომ პირველ რიგში ზამთრის სეზონზე შევივსოთ დანაკლისი. ზამთრის განმავლობაში ჩვენ ენერგიის იმპორტი გვჭირდება, ზაფხულში კი გვაქვს ნამეტი და შეგვიძლია საზღვარგარეთ გავიტანოთ. რაც მეტი გვექნება ელექტროენერგია, ექსპორტიდან გამომდინარე მეტი შემოსავლის წყარო შეიძლება გვქონდეს. ტექნიკურ მხარეს რაც შეეხება, თანამედროვე მსოფლიოში არის სხვადასხვა შესაძლებლობები და შეიძლება ტექნოლოგიური თვალსაზრისით გადავხედოთ და ვთქვათ – გვირაბული სისტემა გაკეთდეს, ან რაღაც სხვა სისტემა იქნას მოფიქრებული. მე ვფიქრობ, რომ პროექტზე უარი არ უნდა ითქვას. ძალიან ბევრ დეტალთან დაკავშირებით არ ვარ საქმის კურსში, იმიტომ რომ ჩვენი სამინისტრო არ არის პროექტის განმახორციელებელი. ზოგადი პოზიცია კი არის ის, რომ მეტ–ნაკლებად მისაღები ფორმით უნდა გაკეთდეს ეს პროექტი“ - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ. - ჩვენ გვაქვს ექსპორტზე გატანის რესურსი. თურქეთი, რომელსაც ძირითადად ზაფხულის განმავლობაში ვაწვდით ელექტროენერგიას, ჩვენი ერთ–ერთი სერიოზული კლიენტია. ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც ეკონომიკური ზრდის კვალობაზე მოთხოვნა იზრდება და შესაბამისად, ელექტროენერგიის გაყიდვის დიდი შესაძლებლობები ჩნდება.