საქართველოს მეცნერებათა ეროვნულ აკადემიაში კულტურის სამინისტროსთვის საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს საბადოს დანგრევაზე თანხმობის მიცემას უარყოფენ.
საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს საბადოსთან დაკავშირებით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, დღეს აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც აღნიშნული საბადოს შესახებ მეცნიერებათა აკადემიის მიერ კულტურის სამინისტროსთვის გადაგზავნილ წერილებზე ისაუბრა.
აკადემიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა აკადემიას დაავალა მეცნიერული შეფასება გაეკეთებინა საბადოსთან დაკავშირებით. თუმცა, გიორგი კვესიტაძემ აღნიშნა, რომ აკადემიას თავად კვლევა არ უწარმოებია, მათ მხოლოდ არსებული ინფორმაცია შეკრიბეს. კერძოდ, საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით მეცნიერებათა აკადემია ეთანხმება ეროვნულ მუზეუმს, რომელიც იქ 2007 წლიდან გერმანულ მხარესთან ერთად არქეულოგიური გათხრებს ატარებდა. აკადემია ასავე ადასტურებს, რომ საყდრისი 6 000 წლოვანი ისტორიული ძეგლია.
კვესიტაძემ ასევე აღნიშნა, რომ მაღაროს მიმდებარე ტერიტორიაზე კვლევა ჩაატარა კომპანია RMG გოლდმა, რომელსაც იქ ოქროს მოპოვების სამუშაოების წარმოება სურს. მის მიერ დაქირავებული იყო კომპანია, შპს "არქეოლოგთა გაერთიანება". აღნიშნული შპს-ს დასკვნით, მაღაროს მიმდებარე ტერიტორიაზე რაიმე არქეოლოგიური არდეფაქტი არ აღმოჩენილა.
პრესკონფრენციას რამდენიმე მეცნიერიც ესწრებოდა, რომლებმაც მეცნიერებათა აკადემიას მოსთხოვეს, ძეგლთან დაკავშირებით მკვეთრი პოზიცია დააფიქსიროს. მეტალურგის რაულ გვეტაძის თქმით, 24 დეკემბერს საქალაქო სასამართლოში საყდრისისთვის კულტურის სამინისტროს მიერ ძეგლის სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი გაიმართება. მან გიორგი კვესიტაძეს მიმართა, რომ თუ სასამართლო პროცესზე აკადემიის წარმომადგენელი იქნება, დააფიქსიროს პოზიცია საყდრისის უნიკალურობაზე. მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის განცხადებით, საყდრისის საბადოსთან დაკავშირებულ საკითხებზე მეცნიერებათა აკადემიას არც ერთ კომისიაში არ მიაღებინეს მონაწილეობა. კვესიტაძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ამჟამად კულტურის, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები გერმანიაში იმყოფებიან, თუმცა ამ ფაქტის შესახებაც მეცნიერებათა აკადემიამ მოგვიანებით გაიგო.
ამასთან, 26 სექტემბერს ბიზნეს-ცენტრში პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობის გარდა ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე მეცნიერებათა აკადემიის წევრები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ. როგორც ჟურნალისტებს კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ განუცხადა, სახელმწიფო საყდრისის ძეგლის გადმოტანის საკითხზე მუშაობს. სავარაუდოდ, აღნიშნული ძეგლის გადმოტანა 2-3 კილომეტრის დაშორებით, ბოლნისში მოხდება.