ფონდი „ქართული გალობა“ გიწვევთ

ფონდი „ქართული გალობა“ გიწვევთ "ანჩისხატის გუნდის“ საღამოზე

9 დეკემბერს, ორშაბათს ფონდი „ქართული გალობა“ გიწვევთ „რუსთაველის თეატრში“ მგალობელ-მომღერალთა სახელოვანი „ ანჩისხატის გუნდის“ 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე. ბილეთები იყიდება რუსთაველის თეატრის სალაროებში. დასაწყისი 19:00 საათზე.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ , რადიო „ ფორტუნა“, „IPN.ge” და „რუსთაველის თეატრი“

ქართული კულტურის ტრადიციული ხელოვნების იმ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სფეროში, რომელსაც ხალხური სიმღერა და საეკლესიო გალობა წარმოადგენს, დღეს თავისი განსაკუთრებული ადგილი და ავტორიტეტი აქვს მოპოვებული ანჩისხატის მგალობელ-მომღერალთა გუნდს. ამ თერთმეტკაციან ჯგუფს წელს 25 წელი შეუსრულდა; ამ ხნის განმავლობაში ანჩისხატის გუნდს ქართული კულტურის, ტრადიციული მუსიკის შესწავლის, აღორძინებისა და გავრცელების კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი საქმე აქვს გაკეთებული, რაშიც უპირველესად ძველი, მივიწყებული საეკლესიო საგალობლების შესწავლა-აღორძინება და მისი ქართულ საღვთისმსახურო სივრცეში დაბრუნება იგულისხმება. უნდა ითქვას, რომ გასული საუკუნის 60-იან წლებში, ათეისტური რეჟიმის პირობებში ანსამბლ “გორდელასა” და “რუსთავის” მიერ წამოწყებული ქართული გალობის აღდგენის საქმის მასშტაბურად ხორცშესხმა, სწორედ ანჩისხატის გუნდის სახელს უკავშირდება.

აღსანიშნავია აგრეთვე ანჩისხატის გუნდის მოღვაწეობა ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციის მხრივ. გუნდის მდიდარ რეპერტუარში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ის სიმღერები, რომელიც სწორედ “ანჩისხატელების” მეცადინეობით დაუბრუნდა დღევანდელ ცოცხალ საშემსრულებლო პრაქტიკას და ქართული სასიმღერო ხელოვნების უძვირფასეს მარგალიტებს წარმოადგენს.

მანამდე ეს სიმღერები მხოლოდ ძველი უნიკალური ფონოჩანაწერების სახით არსებობდა სხვადასხვა არქივში და დავიწყებული ან ხელმიუწვდომელი იყო ფართო საზოგადოებისთვის. მათი უმრავლესობა დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც საქართველოში, ისე ქართული ხალხური სიმღერით დაინტერესებულ მრავალრიცხოვან უცხოელ მსმენელს შორის. ეს ფაქტი ასევე დიდწილად უკავშირდება ანჩისხატის მრავალრიცხოვან გასტროლსა და ტურნეებს ევროპის ქვეყნებში (გერმანია, ავსტრია, ინგლისი, საფრანგეთი, შვეიცარია, შვედეთი, პოლონეთი, ლიხტენშტაინი, საბერძნეთი, რუსეთი) და ამერიკაში (აშშ, კანადა).

ანჩისხატის გუნდის წევრები პრაქტიკულ საშემსრულებლო საქმიანობასთან ერთად, საინტერესო და ნაყოფიერ სამეცნიერო საქმიანობასაც ეწევიან ქართული ტრადიციული მუსიკის შეწავლის მხრივ. მონაწილეობენ საერთაშორისო მუსიკოლოგიურ კონფერენციებში. ასევე, ეწევიან პედაგოგიურ საქმიანობას.