საქართველო ხელს აწერს ევროპასთან დაახლოებაზე

საქართველო ხელს აწერს ევროპასთან დაახლოებაზე

ამის შესახებ ეჭვი არავის ჰქონდეს. საქართველომ დაადასტურა ევროპული ტრაექტორიის ერთგულება, როცა გასულ ხუთშაბათს ვილნიუსში განახორციელა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების, ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პარაფირება. მიუხედავად ამისა, ბევრი ეჭვის ქვეშ აყენებს საქართველოს მიერ დადებული აღთქმის შესრულებას, ხოლო მავანნი შიშობენ, რომ ის უკან დაიხევს და უარყოფს დემოკრატიას ან, სომხეთისა და უკრაინის მსგავსად, მოტყდება რუსეთის ზეწოლის ქვეშ. მაგრამ ისინი ცდებიან!

პირველ ყოვლისა, არ არსებობს რაიმე საფუძვლიანი მინიშნება იმისა, რომ საქართველო უკან იხევს. პირიქით, საკანონმდებლო ცვლილებების ძალით მართლმსაჯულების სისტემა გათავისუფლდა კავშირისაგან აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ხოლო სასამართლოს დამოუკიდებლობა გაიზარდა. ხელისუფლება აღარ აკონტროლებს კერძო მედია-საშუალებებს. ბიზნესო არასდროს ყოფილა ესოდენ დაცული ხელისუფლების არაკანონიერი ჩარევისაგან. მიმდინარეობს დისკუსიები კანონმდებლობის შესახებ, რომლის ძალითაც თვითმმართველობაში ერთხელ და სამუდამოდ განხორციელდება რეფორმა.

სამწუხაროდ, ამ წარმატებებს ჩრდილს აყენებს ყოფილი ხელისუფლების ოფიციალური პირების დაკავებები, რასაც ბევრი დამკვირვებელი განიხილავს, როგორც უკუსვლის გამოხატულებას (მაგალითად, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი, რომელიც ამ დაკავებებს მოიხსენებს, როგორც „კავკასიურ ვენდეტას“). როგორც ჩანს, თავად სიკორსკი, რომლის სამინისტროც კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალების ქარ-ცეცხლშია გახვეული, ვერ ათვითცნობიერებს იმას, რომ ქართველმა მაღალჩინოსნებმა, რომლებსაც ის ოდესღაც ხოტბას ასხამდა, მართლაც ჩაიდინეს რეალური დანაშაული.

ნუთუ მართლა უნდა ეპატიოს ამ ხალხს, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ოდესღაც მინისტრები იყვნენ? საქართველოს მოქალაქეები ასე არ თვლიან. სიკორსკის თავიც კი არ შეუწუხებია, თავად დარწმუნებულიყო ამ სასამართლო საქმეების გამჭვირვალობაში. დღევანდელ საქართველოში ბრალდებულებზე აღარ ხორციელდება ზეწოლა საეჭვო საპროცესო გარიგებების მისაღწევად. „ციხიდან თავის დაღწევის ბილეთების“ დრო დასრულდა.

ირონია კი იმაში მდგომარეობს, რომ უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს დასავლელი პარტნიორები ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ქვეყანაში დაცული უნდა იყოს კანონის უზენაესობა. ახლა კი სწორედ კანონის უზენაესობის დაცვისათვის აკრიტიკებენ მას.

ისინი, ვინც ეთანხმებიან სიკორსკის, ასევე აცხადებენ, რომ საქართველოს მზაობა რუსეთთან „კავშირების ნორმალიზებასთან“ დაკავშირებით მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს სურს რუსეთის წიაღში დაბრუნება, რაც ცხადყოფს კიდეც, თუ რაოდენ შორს არიან ასეთი ადამიანების რეალობისაგან. რასაკვირველია, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობისათვის სასიხარულოა ქართული ღვინისა და ხილის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე, თუმცა უკანასკნელი გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის ¾ თვლის, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს. სომხეთისა და უკრაინისაგან განსხვავებით, ქართული საზოგადოება ერთხმად უჭერს მხარს ქვეყნის მისწრაფებებს ევროკავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებით. ერი არ მისცემს თავის ლიდერებს ამ პოლიტიკური გეზიდან გადახვევის ნებას.

ყოველივე ეს არ ნიშნავს, რომ რუსული საფრთხე მხოლოდ წარმოსახვაში არსებობს. ის ძალიანაც რეალურია, რასაც დაგიდასტურებენ კიდეც ისინი, ვის სოფლებსაც დღეს შუაზე ხლეჩენ მავთულხლართებით. შემოსევის გარდა, კიდევ რის გაკეთება შეუძლია რუსეთს? მან ხომ უკვე აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. უფრო მეტიც, საქართველო არ არის სრულად დამოკიდებული რუსეთზე ენერგეტიკის თვალსაზრისით. მან ხომ უკვე დაამტკიცა, რომ ეკონომიკური ემბარგო მისთვის დამღუპველი არ არის.

აშშ-ის სენატორმა, ჯონ მაკკეინმა (რომელსაც ეკუთვნის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს წარმოთქმული ცნობილი ფრაზა: „დღეს ჩვენ ყველა ქართველები ვართ“) შეახსენა ახალ ხელისუფლებას, რომ „ევროპული და ჩრდილო-ატლანტიკური საზოგადოების წევრობა არ არის თანდაყოლილი უფლება“.

მაკკეინი უნდა მოერიდოს ასეთ დამრიგებლურ ტონს. არც ერთ სხვა ქვეყანას არ უღვაწია ესოდენ თავდაუზოგავად ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ხორცშესასხმელად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ალიანსის წევრი ალბანეთი, რომელსაც კორუფცია თითქოს სისხლში აქვს გამჯდარი, 113-ე ადგილზეა გვატემალასთან ერთად „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის ინდექსში, ხოლო საქართველო მხოლოდ 51-ე ადგილზეა. მიუხედავად ამისა, შარშან ევროკომისიამ სწორედ ალბანეთს გაუწია რეკომენდაცია, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატს.

ვინ არის მზად ვისთვის? ევროპა ახალ კრიტერიუმებს მოიგონებს, ხოლო საქართველო განუხრელად უპასუხებს ამ გამოწვევებს. ვილნიუსში საქართველომ დაამტკიცა, რომ მზად არის, იყოს ევროპული საზოგადოების აქტიური მონაწილე.

http://www.themoscowtimes.com/opinion/article/georgia-signs-on-to-europe/490599.html