გილოცავთ ყველას საქართველოს და ევროპას შორის ურთიერთობის ახალ ეტაპს. პარაფირების ხელმოწერილი დოკუმენტი არის გასაღები იმ კარის, რომლის შეღებასაც ყოველთვის ელტვოდა ქართული დიპლომატია.
ჩვენ, ახალმა ხელისუფლებამ, ავიღეთ ვალდებულება ქვეყნის მოსახლეობის წინაშე მოვაწესრიგოთ საქართველოში სასამართლო, განათლება, ეკონომიკა, შევქმნათ ხალხისთვის სოციალური პირობები ღირსეული ცხოვრებისთვის, მუშაობისთვის და დასვენებისთვის.
ეს ხელმოწერილი დოკუმენტი, პირველ რიგში, ჩვენი ხალხის წინაშე ნაკისრ ვალდებულებას ამყარებს და უქმნის მნიშვნელოვან საძირკველს ყველაფერი იქნას თანმიმდევრულად შესრულებული და რაც მთავარია, ევროპული, ცივილური, განვითარებული სახელმწიფოების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსული.
მოგეხსენებათ 2006 წელს სამი ქვეყნის ინიციატივით ( ჩეხეთი, პოლონეთი, შვედეთი) ევროკავშირმა შეიმუშავა აღმოსავლეთ პარტნიორობის გეგმა, რომელიც ეყრდნობა სამეზობლო პოლიტიკის მიზნებს. დღევანდელ სამიტზე მოხდა ჩვენი ქვეყნის ინიცირება პარაფირების სახით, ამის შემდგომი ეტაპია უკვე ჩვენთან და ევროპის 28 სახელმწიფოში მოხდეს ამის რატიფიცირება... მაგალითისთვის, მსგავსი ხელშეკრულება ევროპასთან აქვს გაფორმებული თურქეთს 1965 წელს და ყველამ კარგად ვიცით ამ ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის ვექტორი, ამ ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები.
მინდა მარტივად, მოსახლეობისთვის გასაგებად ავხსნა, თუ რა პოზიტიური მნიშვნელობა აქვს თითოეული მათგანისთვის ამ მოვლენას: გამკაცრდება მედიკამენტებზე და სურსათზე კონტროლი, უმკაცრესი მონიტორინგი დაწესდება წარმოებული, იმპორტირებული ნედლეულის ხარისხზე და მის ზემოქმედებაზე ეკოლოგიაზე, ჯამრთელობაზე. შესაბამისობაში მოვა ამ მოთხოვნებთან საკანონმდებლო ბაზა.
მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ დადგენილ სავაჭრო და სატარიფო წესებზე უფრო ლიბერალურ და მომგებიან სატარიფო სისტემას დაადგენს საქართველოსთვის და აღმოფხვრის საქონლის უმეტესობაზე არსებულ ტარიფებს.
შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მნიშვნელოვან დახმარებებს ევროკავშირის მხრიდან საგანმანათლებლო და სამედიცინო პროგრამების დაფინანსების მხრივ.
სავიზო ლიბერალიზაციის კუთხით მოხდება უვიზო რეჟიმისკენ ეტაპობრივი სვლა, რაც საქართველოს მხრიდან გარკვეული შიდა ინსტიტუციური ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შეთანხმების შედეგია, სამართლებრივი რევოლუცია - ჩვენს ქვეყანაში მოწესრიგდება საკანონმდებლო ბაზა, ადამიანის სინდისის და სიტყვის თავისუფლება ერთხელ და სამუდამოდ გახდება ქვეყანაში პრიორიტეტული, მოწესრიგდება მოსამართლის ინსტიტუტი, კანონები და ურთიერთობა სახელმწიფოს ინსტუტუტებსა და მოქალაქეებს შორის.
ჩვენი მთავრობა, ჩვენი პარტია, კოალიცია, მაქსიმალური ძალისხმევით განაგრძობს მუშაობას ამ მიმართულებით და მინდა კიდევ ერთელ აღვნიშნო - ჩვენი ქვეყანა დაადგა განვითარების, კეთილდღეობის გზას და დღევანდელი მოვლენა არის ამ გზის შემადგენელი მნიშვნელოვანი, ეტაპობრივი ნაწილი.