"სააკაშვილის წასვლა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში მეტ თავაზიანობას გვპირდება, მაგრამ საკითხავია დათბება თუ არა ურთიერთობები", - ამ სათაურით აქვეყნებს ფრედ უეირის სტატიას საქართველოს შესახებ ამერიკული გამოცემა Christian Science Monitor.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოს მიმავალ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომლის მემკვიდრეც უკვე არჩეულია, მრავალწლიანი დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
ფრედ უეირი ასევე წერს, რომ "ვარდების რევოლუციის" ყოფილი ლიდერი საქართველოს მოსკოვის ორბიტიდან გადაყვანას და ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-სთან დაკავშირებას ცდილობდა.
"მაგრამ მიუხედავად სააკაშვილის წასვლისა, რომლის თითქმის კომიკური პირადი მტრობა ვლადიმერ პუტინთან მნიშვნელოვნად აისახებოდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, ორ მეზობელ ქვეყანას შორის ურთიერთობაში ექსპერტები ნაკლებად ხედავენ არსებით ცვლილებებს", - წერს ფრედ უეირი.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნების" მიერ პარლამენტში კონტროლის დამყარების მერე, სააკაშვილი "კოჭლი იხვი" იყო.
"პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ ივანიშვილმა პირობა დადო, რომ რუსეთთან ურთიერთობის მეტი ნორმალიზაციისთვის იმუშავებდა, მაგრამ პრაქტიკულად რუსეთ-საქართველოს სიღრმისეულად გაყინულ ურთიერთობებში უმნიშვნელო დათბობა შეინიშნებოდა", - წერს ფრედ უეირი.
სტატიის ავტორი ხაზს უსვამს, რომ საქართველოში გასულ წელს განხორციელებულ პოლიტიკურ ცვლილებებს თავის მხრივ რუსეთიც მიესალმა და გააუქმა აკრძალვა ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყალზე. მაგრამ მიუხედავად ამისა, ორ ქვეყანას შორის უთანხმოება კვლავ რჩება და კვლავაც აღსადგენია დიპლომატიური ურთიერთობები.
სტატიის ავტორი ციტირებს რუსი ანალიტიკოსის, ვლადიმერ ჟარიკინის კომენტარს, რომ საქართველოს ხელისუფლება ახლა უფრო პრაგმატულია და ეს კარგია.
"რუსეთისთვის საქართველოსთან თანამშრომლობა ახლა უფრო გამარტივდება, როცა სააკაშვილი და მისი გამოხდომები დასრულდა. საქართველოს ხელისუფლება ახლა უფრო პრაგმატულია და ეს კარგია. სიტუცია დამშვიდდება. მაგრამ ვეჭვობ, ურთიერთობები კარდინალურად შეიცვალოს. ბოლოს და ბოლოს, ივანიშვილს იგივე პოლიტიკა აქვს სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში, რაც სააკაშვილს ჰქონდა. ახლო მომავალში ვერც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ვწინასწარმეტყველებ", - ციტირებს ამერიკული გამოცემა რუსი ანალიტიკოსის კომენტარს.
Christian Science Monitor ასევე ციტირებს კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ანალიტიკოსის, შორენა ლორთქიფანიძის კომენატარს, რომელიც აცხადებს, რომ სააკაშვილს მტკიცე პოზიცია ჰქონდა მოსკოვთან მოლაპარაკებების მიმართებაში.
"სააკაშვილი იმედოვნებდა, რომ საერთაშორისო ზეწოლა რუსეთს ქცევას შეაცვლევინებდა. ივანიშვილს კი მოსკოვთან პიდაპირი ურთიერთობა სურს, რაც მნიშვნელოვანი ცვლილებაა. საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან დიალოგისა და თანამშრომლობისთვის ღიაა, მაგრამ პრაქტიკაში, რთულია იმის გააზრება როგორ შეიცვლება არსებითად საკითხები მოკლევადიან პერიოდში. ორივე მხარე მყარად დგას პოზიციაზე, რომელიც შესაძლოა ადვილად ვერ მოგვარდეს", - ციტირებს სტატიის ავტორი შორენა ლორთქიფანიძის კომენტარს.
როგორც ფრედ უეირი წერს, რუსეთთან ურთიერთობებში ჯოკერი შეიძლება ივანიშვილის ჯერაც უცნობი მემკვიდრე იყოს, რომელსაც მალე დაასახელებენ.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ივანიშვილის ამასწინანდელმა განცხადებამ თანამდებობის დატოვების შესახებ, ბევრი ქართველის გაოცება გამოიწვია. საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ კი, ქვეყანა საპარლამენტო სახელმწიფო გახდება, სადაც პრემიერ-მინისტრი მთავარი ფიგურა იქნება, პრეზიდენტი კი უფრო მეტად არბიტრი და სტაბილურობის სიმბოლო იქნება.
"ივანიშვილი, რომელმაც 3,5 მილიარდიანი ქონება რუსეთში დააგროვა, დღემდე "ქართული ოცნების" დამფინანსებელი და გადაწყვეტილებების მთავარი მიმღები იყო. გაუკრვეველია, რა მოხდება, თუ ის პოლიტიკიდან წავა. თავის წასვლას ის დანაპირების მიღწევით ხსნის, რომ შეძლო ხელისუფლების შეცვლა. ახლა კი "აქტიური მოქალაქის" როლის მორგება და თანამდებობის დატოვება უნდა. რაც შეეხება ივანიშვილის შემცვლელს, პრემიერი ამბობს, რომ ის ძალიან საინტერესო პიროვნება იქნება", - ნათქვამია ამერიკული გამოცემის სტატიაში.