გიორგი მარგველაშვილი თავის პარტიაზე ნაკლებად პოპულარულია

გიორგი მარგველაშვილი თავის პარტიაზე ნაკლებად პოპულარულია

"არის თუ არა საქართევლო ევროპული ფასეულობების ერთგული?" – ამ სათაურით აქვეყნებს ბრიტანული გამოცემა The Economist სტატიას საქართველოს შესახებ. 

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობა სწორი მიმართულებით ვითარდება – 22 ივლისს დასრულდა მოლაპარაკებები ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ, წინსვლა გრძელდება ვიზის ლიბერალიზაციის საკითხში, საკმაოდ მყარია ვილნიუსში ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების შანსებიც.
"საქართველოს ხელისუფლების მტკიცებით, ასეთი პროგრესი ისეთ ევროპულ ფასეულობებს ეყრდნობა, როგორიც დემოკრატია, ადამიანთა უფლებები და კანონის უზენაესობაა. როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის საჯარო გამოსვლამ ცხადყო, მას სურს საჯარო გამოსვლებში სწორი აქცენტები გააკეთოს", - აღნიშნავს სტატიის ავტორი და დასძენს, რომ ხელისუფლების საქმიანობა ხშირად არ შეესაბამება დაპირებულს და მაგალითად უმცირესობების უფლებები მოჰყავს.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკოსები, ჰომოსექსუალთა უფლებადამცველი დემონსტრაციის მონაწილეები და მუსლიმი მლოცველები 2013 წელს გაშმაგებული ბრბოს მხრიდან დაპირისპირებას წააწყდნენ.

"პოლიციის მხრიდან დაცვა არაადეკვატური იყო, დამნაშავეთა დასჯა კი საკმაოდ იშვიათი. ქვეყნის წინა ხელისუფლება წესრიგს კანონის უზენაესობის ხარჯზე იცავდა, მოქმედი მთავარობის ფოკუსირებას კანონის უზენაესობაზე კი ძირს უთხრის საზოგადოებრივი წესრიგის აღსრულების სისუსტე. მთავრობის პირობა - აღადგინოს სამართლიანობა - ევროპულ ფასეულობებს შეესაბამება. თუმცა, უკეთესის სურვილს ტოვებს დაკავების და სამართლებრივი დევნის ის მეთოდები, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მაღალჩინოსნების წინააღმდეგ გამოიყენეს. მთავრობის წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებული განცხადებები, სასამართლო პროცესამდე აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენება "ნაციონალური მოძრაობის" მაღალჩინოსანთა მიმართ, ძირს უთხრის უდანაშაულობის პრეზუმპფციას. ამ დაპატიმრებების შესახებ დამაჯერებელი მტკიცებულებების არარსებობა შერჩევითი სამართლის საშიშოებას იწვევს საქართველოს მოკავშირეთა შორის მიუხედავად იმისა, რომ ქართველთა უმრავლესობა ამას არ ეთანხმება", - ნათქვამია ბრიტანული გამოცემის სტატიაში.

ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ქართულ საზოგადოებაში ტრადიციონალიზმი ღრმად ფესვგადგმულია და საქართველოში ყველაზე პატივსაცემი ინსტიტუცია – ორთოდოქსული ეკლესია კარგა ხანია იბრძვის თანამედროვეობის წინააღმდეგ. ულტრაკონსერვატორი მღვდლების მზარდი ძალაუფლება კი ამ ყველაფერს მეტად შეუწყნარებელს ხდის.

"გასულ კვირას სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ უფასოდ დაიწყო პატარძლების ქალწულობის სერტიფიცირება. საქალწულე აპკის აღდგენის პროცედურები კი ბოლო წლებში სულ უფრო პოპულარული ხდება", - აღნიშნავს სტატიის ავტორი და დასძენს, რომ საქართველოს მთავრობას შეუწყნარებლობასთან დაპირისპირების საქმეში იმაზე მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდე თავად ჰგონია", - ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია 31 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები.
"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი თავის პარტიაზე ნაკლებად პოპულარულია. განსხვავებით მისგან, "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე უფრო პოპულარულია, ვიდრე მისი პარტია. მთავარი კითხვაც სწორედ ესაა - ვის მისცემენ ხმას ქართველები – ინდივიდუალურ კანდიდატებს თუ პარტიებს. ამ კითხვაზე პასუხი საქართველო მომავალ პოლიტიკურ ლანდშაფტს განაპირობებს", - აღნიშნავს სტატიის ავტორი და დასძენს, რომ დავით ბაქრაძის ძლიერმა მაჩვენებელმა, შესაძლოა, გაამყაროს "ნაციონალური მოძრაობის", როგორც ლეგიტიმური ოპოზიციური ძალის როლი.

"იმისათვის, რომ ასე მოხდეს, სააკაშვილმა თავი უნდა აარიდოს ბაქრაძის საპრეზიდენტო კამპანიაში ჩარევას. დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე კი, ივანიშვილმა უნდა შეწყვიტოს ოპოზიციის ფორმირებაზე გავლენის მოხდენა. საარჩევნო კამპანია ორივე კანდიდატს განსხვავებულ პლატფორმას შესთავაზებს დაპირისპირებისთვის. მასზე უარის თქმა კი ევროპული ფასეულობებისადმი მათი პერსონალური ერთგულების წარმოჩინების საუკეთესო გზა იქნება", - ნათქვამია სტატიაში.