"სირიელი და ეგვიპტელი ქრისტიანები თავშესაფარს კავკასიაში ეძებენ", - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა GlobalPost ნიკოლას კლეიტონის სტატიას.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველო და სომხეთი იმ კოპტების თავშესაფრად იქცა, რომლებიც სამშობლოში ძალადობასა და დისკრიმინაციას გაურბიან, თუმცა ისინი სერიოზულ დაბრკოლებებს აწყდებიან.
"ეგვიპტის პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის გადაყენებიდან ორი წლის შემდეგ, ეგვიპტელი ადელი რთული დილემის წინაშე აღმოჩნდა: ან დატოვოს ეგვიპტე ან დარჩეს და იცხოვოროს დისკრიმინაციისა და ძალადობის რისკის ქვეშ, რამდენადაც ქვეყანაში რელიგიური დაძაბულობა მატულობს", - წერს სტატიის ავტორი და აღნიშნავს, რომ სავიზო შეზღუდვები ხელს უშლის ადელს მიზნების განხორციელებაში, თუმცა მისთვის საბედნიეროდ, საშუალო ფენის ქრისტიანი კოპტი ახალი ცხოვრების დაწყებას ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანაში აპირებს.
"ეგვიპტეში რთულია აშშ-სა და ევროპის ვიზის მიღება. ჩვენ არ აგვირჩევია საქართველო, საქართველომ აგვირჩია ჩვენ", - ციტირებს სტატიის ავტორი 50 წლის ეგვიპტელი ადელის სიტყვებს.
ნიკოლას კლეიტონი ასევე აღნიშნავს, რომ ეგვიპტელი და სირიელი ქრისტიანული უმცირესობები სამხრეთ კავკასიაში – კერძოდ, საქართველოსა და სომხეთში ეძებენ თავშესაფარს, როგორც ძალადობის ლტოლვილები.
"წელს საქართველომ ეგვიპტელებისთვის დაახლოებით 2 ათასი ვიზა გასცა – თითქმის ყველა კოპტელი ქრისტიანისთვის. გასულ წელს კი, "ევრაზიანეტის" ინფორმაციით, გაცემული ვიზების რიცხვი 222 იყო. საქართველოში ამ დროისთვის 2 500 ეგვიპტელი ცხოვრობს. სომხეთის მთავრობის განცხადებით კი, მათ ქვეყანაში ცხოვრების სურვილი 7 ათასმა სირიელმა სომეხმა გამოთქვა", - წერს ნიკოლას კლეიტონი.
სტატიის ავტორი ასევე ციტირებს კიდევ ერთი ეგვიპტელის სიტყვებს, რომელიც საქართველოში იანვარში ჩამოვიდა და მცირე ტიპის სასტუმრო გახსნა. თუმცა, 39 წლის აჰმედი ნიკოლას კლეიტონთან საუბარში აცხადებს, რომ როგორც კი სასტუმროში ჩადებულ თანხას ამოიღებს, მაშინვე სამშობლოში დაბრუნდება.
"საქართველო მშვენიერი ქვეყანაა მშვენიერი ხალხით, თუმცა არახელსაყრელია ბიზნესისთვის და მუდმივი საცხოვრებლისთვის", - ციტირებს სტატიის ავტორი ეგვიპტელი აჰმედის სიტყვებს, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყნაში შექმნილი უმუშევრობა და სიღარიბე იმიგრანტებისთვის და მეწარმეებისთვის რთულ ეკონომიკურ პირობებს ქმნის.
სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ შუა აღმოსავლეთიდან წამოსული იმიგრანტებისთვის მომხიბვლელია საქართველოს სეპარატისტული რეგიონი აფხაზეთიც.
"აფახეზეთი, საიდანაც 1993-94 წლების ომის შემდეგ 200 ათასი ქართველია იძულებით გადაადგილებული, ახლა სირიელ ჩერქეზებს იწვევს საცხოვრებლად. აფხაზეთის განცხადებით, აფხაზეთში უკვე დასახლდა 400 სირიული ოჯახი", - წერს ნიკოლას კლეიტონი და ეგვიპტელი ადელის სიტყვებს დასძენს, რომელიც აცხადებს, რომ ეგვიპტელებმა არაფერი იცოდნენ პატარა, გაჭირვებული ქვეყნის - საქართველოს შესახებ, ვიდრე ეგვიპტის ხელისუფლებაში "მუსლიმთა საძმო" არ მივიდა.