"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი დავით ბაქრაძის შეთავაზებას პასუხობს. "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე გიორგი მარგველაშვილს დებატების სერიას სთავაზობს.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, დებატების სურვილი რამდენიმე კანდიდატმა გამოთქვა და ყველას თანაბრად მიეცემა შესაძლებლობა საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.
,,რამდენიმე კანდიდატმა მოინდომა დებატები, ეს ნორმალურია. დებატები ჩატარდება ისეთ ფორმატში, რომელშიც ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს მიეცემა შესაძლებლობა თავისი პოზიციის დაფიქსირების. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ, ,,ქართული ოცნება" ამ ნაწილში დაიცავს ერთიან სტანდარტს, ექსკლუზივებს ჩვენ არავის არ მივცემთ, მაგრამ შესაძლებლობა აზრის გამოხატვისა და დაფიქსირების ყველას აქვს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
დავით ბაქრაძემ მარგველაშვილი დებატებში "ექსპო-ჯორჯიაში" შემაჯამებელი პრაიმერის დასრულების შემდეგ გამოიწვია.
"ვთავაზობ ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს პირდაპირი, ერთ-ერთზე დებატების სერიას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა თემაზე. რა თქმა უნდა, წინა წლების პრაქტიკის გათვალისწინებით, ჩვენ გვექნება ერთიანი დებატები სხვა კანდიდატებთან. მე ვუდასტურებ ჩემს პატივისცემას ყველა სხვა კანდიდატს, მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია, ქვეყნის ორი მთავარი პოლიტიკური ძალის - "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები დასხდნენ ერთად და ცივილური, პროფესიონალური დებატების გზით დაანახონ ჩვენს მოსახლეობას, ვინ როგორ სთავაზობს პრობლემების მოგვარებას და განვითარებას", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.