"ათასწლეულის გამოწვევის" კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის 140 000 000-დოლარიან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიალი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. დოკუმენტს, "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციიდან" აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ იოჰანესმა, ხოლო საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მოაწერეს ხელი.
ხელშეკრულების მიზანია, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა საშუალო და უმაღლეს, ასევე პროფესიული განათლების სფეროებში ინვესტირების გზით.
როგორც ცერემონიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა გასწია, რათა კომპაქტის დამტკიცებისთვის საჭირო კრიტერიუმები დაეკმაყოფინებინა. მისივე თქმით, საქართველოს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ის ნდობა, რომელიც ამიერიკის მთავრობამ ქვეყანას გამოუცხადა.
"სიღარიბესთან ბრძოლა განათლების მეშვეობით ის მოწოდებაა, რომელიც უაღრესად აქტუალურია საქართველოსთვის. ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა კარგად იციან, რომ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ხელშეწყობა და ინვესტირება მკვეთრად გააუმჯობესებს ადამიანური კაპიტალის ხარისხს, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საწინდარი გახდება. 21-ე საუკუნემ ნათლად დაგვანახა, რომ მხოლოდ განათლებული და სათანადო უნარ-ჩვევებით აღჭურვილი ადამიანები აღწევენ წარმატებებს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, რაც უფრო მეტი განათლებული და წელგამართული ადამიანი იქნება ქვეყანაში, მით უფრო სწრაფად შეძლებს საქართველო დემოკრატიულ და წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას.
"დარწმუნებული ვარ, რომ სათანადო განათლების მიღებით, ჩვენი ხალხი სწრაფად შეძლებს გავლენიან საზოგადოებად ჩამოყალიბებას, რომელიც ხელისუფლებისათვის დამკვეთიც იქნება და მაკონტროლებელიც", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, წლების წინ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსება სურდა.
"მე ყოველთვის კარგად მესმოდა რა დიდი მნიშვნელობა აქვს კვალიფიციური კადრების მომზადებას. წლების წინ სპეციალური პროექტი მქონდა შემუშავებული და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსებას ვგეგმავდი. ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი თანხების დახარჯვას ვგეგმავდი, რომელიც აღჭურვილი იქნებოდა ულტრათანამედროვე ტექნოლოგიითა და ინფრასტრუქტურით. სამწუხაროდ, ეს პროექტი ვერ განხორციელდა სხვადასხვა მიზეზების გამო", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია "ათასწლეულის გამოწვევის" კორპორაციისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული უპრეცედენტო პროექტის განხორციელება. პრემიერის თქმით, აღარ გახდება საჭირო ქვეყნის გარეთ სპეციალისტების ძებნა და ჩამოყვანა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა აღნიშნული პროექტით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. მისი ინფორმაციით, კომპაქტი ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას დაისახავს მიზნად. იგეგმება რამდენიმე რეგიონში ასზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა, პედაგოგების გადამზადება. ამასთან, უმაღლესი განათლების პროექტის ფარგლებში მოხდება ტექნოლოგიურ-საინჟინრო და სასოფლო-საინჟინრო სფეროს ხელშეწყობა.
ამასთან, მჭიდრო ურთიერთობა დამყარდება ამერიკულ უნივერსიტეტებთან. ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, ყველა ტექნიკური სასწავლებელი ქვეყნის მასშტაბით მიიღებს გრანტს ტექნოლოგიურ დარგებში მაღალკვალიფიციური მუშახელის მოსამზადებლად.
"სიტყვას გაძლევთ, რომ მაქსიმუმს გავაკეთებ წარმატებული შედეგის მისაღწევად", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მანვე მადლობა გადაუხადა "ათასწლეულის გამოწვევის" კორპორაციას, ამერიკის მთავრობასა და ამერიკელ ხალხს.