იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს "მართლმადიდებელთა კრებული" 50 000 ხელმომწერის მოთხოვნას კიდევ ერთხელ წარუდგენს.
დღეს, 14:30 საათზე, "მართლმადიდებელთა კრებული" იუსტიციის სამინისტროში თეა წულუკიანს კიდევ ერთხელ წარუდგენს სასულიერო პირების, მართლმადიდებელ მოქალაქეთა საორგანიზაციო კრებულის, იურისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების და 50 000 ხელმომწერის მოთხოვნას; გააცნობს არგუმენტებს და მსოფლიო მაგალითებს ელექტრონული მოწმობების ნეგატიურობაზე და ალტერნატიული საბუთების დაშვების აუცილებლობაზე.
"თეა წულუკიანს გადაეცემა ევროპის განვითარებულ ქვეყნებში სამთავრობო გადაწყვეტილებების ოფიციალური დოკუმენტაცია, რომლის მიხედვით, ინგლისში, საფრანგეთში, იტალიაში ელექტრონული მოწმობების გაცემა უარყოფილ იქნა და ადგილობრივ რეესტრებში დღესაც ჩვეულებრივი უჩიპო მოწმობები გაიცემა მოქალაქეებზე. მინისტრს აგრეთვე გადაეცემა ათამდე ევროპის ქვეყნის უჩიპო პირადობის მოწმობების ასლები, რომლებიც 2013 წელს არის გაცემული ადგილობრივ რეესტრებში; გადაეცემა 5 ქვეყნის სინოდის გადაწყვეტილება, რომლის მოთხოვნის მიხედვითაც იმ ქვეყნებში მორწმუნეებისთვის დაიშვა ალტერნატიული მოწმობები. ხელმომწერები სთხოვენ მინისტრს პასუხს _ რატომ არ ასრულებს იგი საქართველოს სინოდის გადაწყვეტილების მოთხოვნას "რადგანაც ეს საკითხი იწვევს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას, ეთხოვოს საქართველოს მთავრობას დაშვებულ იქნას ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები". ქ-ნ მინისტრს კულისებში ნუ გადააქვს ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი და არგუმენტირებულად გასცეს პასუხი ათიათასობით მორწმუნის ოფიციალურ მოთხოვნას", - აცხადებენ "მართლმადიდებელთა კრებულში".
"მართლმადიდებელთა კრებული" ითხოვს საჯაროდ იქნას წარდგენილი კიდევ რა დამაჯერებლობას ითხოვს თეა წულუკიანი, იმისათვის რომ მოქალაქეებისთვის ალტერნატივა დაუშვას, რისთვისაც მზადყოფნას გამოთქვამენ.
"თუ ქ-ნი მინისტრი ამდენი მაგალითების შემდეგ სამოქალაქო კუთხით ვერ გამოარკვევს მოთხოვნის არსს, თუ როგორ უნდა დაიცვას ათიათასობით მოქალაქის უფლებები, (რომელიც მისი უშუალო მოვალეობაა), მაშინ სამწუხაროდ დიდი ალბათობაა, რომ მან ვერ გაარკვიოს რელიგიური მოსაზრებით დამატებით რას ითხოვენ მორწმუნეები", - აცხადებს "მართლმადიდებელთა კრებულის" ხელმძღვანელი, ზაზა ნანობაშვილი.