სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის პროფილაქტიკასთან დაკავშირებით ტრენინგ-სემინარს მართავს

სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის პროფილაქტიკასთან დაკავშირებით ტრენინგ-სემინარს მართავს

19-20 ივლისს სურსათის ეროვნული სააგენტო და ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამა (CIB) ბათუმში მართავს ტრენინგ-სემინარს თემაზე: ,,ცოფი, მისი პროფილაქტიკა შინაურ და გარეულ ცხოველებში” .

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სურსათის ეროვნული სააგენტოს ცენტრალური ოფისის, რეგიონალური სამმართველოს სპეციალისტები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ტრენინგ-სემინარზე განიხილავენ ცოფის პათოგენეზს, დაავადების კლინიკას, გადაცემის საშუალებებსა და ბრძოლის ღონისძიებებს, შინაურ და გარეულ ცხოველებში პროფილაქტიკური ვაქცინაციის ორგანიზების საკითხებს, აგრეთვე, ცოფის წარმატებული ვაქცინაციის კამპანიისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მეთოდებს, მედიის ჩართულობას; ცოფის კონტროლთან დაკავშირებულ ძირითად პრობლემებს. ტრენინგ-სემინარზე უცხოელი სპეციალისტები ქართველ კოლეგებს გააცნობენ ორალური ვაქცინაციის პრინციპებს, სიხშირეს, სეზონურობასა და ვაქცინის შენახვის პირობებს. გაიმართება დისკუსია.

ცოფის საერთაშორისო დღისთვის (28 სექტემბერი) დაისახება სამომავლო გეგმები შინაური ცხოველების პროფილაქტიკური ვაქცინაციის კვირეულის მოწყობასთან დაკავშირებით.
სემინარს გახსნის სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი.

CIB პროგრამის ძირითადი მიზანია სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ადეკვატური IT- შესაძლებლობების შექმნა სააგენტოს ინსტიტუციური ამოცანებისა და ვალდებულებების ეფექტიანად და ჯეროვნად განსახორციელებლად, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფრასტრუქტურისა და სამუშაო გარემოს გაუმჯობესება.