„საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის“ ეგიდით, 17 ივლისს, სასტუმრო Holiday Inn-ში გაიმართა მრგვალი მაგიდა სახელწოდებით: „ახალგაზრდები საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის“. ღონისძიებაზე განხილულ იქნა უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები. ასოციაციის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას შესთავაზეს ალტერნატიული წინადადებები კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.
კონფერენციას ესწრებოდნენ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრები: გიორგი კახიანი, ირინე იმერლიშვილი, თამარ კორძაია, გიორგი კვერენჩხილაძე. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ - (EMC), „ელსა“, „ახალგაზრდა ადვოკატები“, „ახალგაზრდა სოციოლოგთა ასოციაცია“, „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“, „კონსტიტუციონალიზმის ცენტრი“ და პოლიტიკური პარტიების „ქდმ“, „ეროვნული ფორუმი“, „მწვანეთა პარტია“, „სოციალ-დემოკრატები“, „ქართული ოცნება“, „თავისუფალი დემოკრატები“, „ახალი მემარჯვენეები“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები. მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ ილიას უნივერსიტეტის, თავისუფალი უნივერსიტეტის და თსუ-ს ახალგაზრდა მკვლევარები.
ზემოხსენებული შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც დაფიქსირდა პირველი პრეცედენტი, როდესაც ახალგაზრდებმა, კერძოდ, საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების ლიდერებმა, ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ორგანიზებული ფორმით, მრგვალი მაგიდის ფორმატში განიხილეს ინიცირებული საკონსატიტუციო ცვლილებები უშუალოდ აღნიშნული ცვლილებების ავტორებთან ერთად.
რაც შეეხება ინიცირებულ ცვლილებებს, მმართველმა გუნდმა მოამზადა სამი პროექტი, რომელიც ეხება
პრემიერის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების უფლებამოსილების მინიჭება ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირსთვის.
პრემიერ მინისტრის უფლებამოსილების შეზღუდვა და საპარლამენტო კონტროლის შენარჩუნება. პარლამენტის პასუხისმგებლობის მექანიზმის რეგლამენტაცია სახელმწიფო ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში.
კონსტიტუციის გადასინჯვა დეპუტატთა სრული შემადგენლობის 2/3-ითნაცვლად ¾-სა. აგრეთვე საკონსტიტუციო ცვლილებებისას ორმაგი ვოტუმის მექანიზმის ამოღება.
„კონსტიტუციის გადასინჯვასთან დაკავშირებით ჩვენ ვეთანხმებით ორი მესამედის დატოვებას, თუმცა, აუცილებლად მივიჩნევთ ორმაგი ვოტუმის მექანიზმის შენარჩუნებას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს საზოგადოების ფართო ჩართულობას საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში. გარდა ამისა, შესაძლებელია შემოღებული იქნეს პლებისციტი, რომელიც იქნება სარეკომენდაციო ხასიათის და ასახავს საზოგადოების დამოკიდებულებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.“ - განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა, თორნიკე ჭეიშვილმა.
„დღეს იმართება ძალიან საინტერესო შეხვედრა ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტებთან. როცა წინა ცვლილებები მიიღო მოქმედმა პარლამენტმა კონსტიტუციაში და შეხვედრა გვქონდა იურიდიულ საზოგადოებასთან ბევრი რამ შეიცვალა ტექსტში მათი რჩევებით და რეკომენდაციებით. დღესაც იმედი მაქვს, რომ გამოითქმება ძალიან ბევრი სამართლებრივი შენიშვნა პროექტთან დაკავშირებით” - განაცხადა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრმა - ირინე იმერლიშვილმა.
მრგვალი მაგიდის ფარგლებში გამოთქმული მოსაზრებების და რეკომენდაციების შემაჯამებელი დოკუმენტი რამოდენიმე დღეში ოფიციალურად გადაეგზავნება საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას. გარდა ამისა, გაიმართება პრესკონფერენფია, სადაც ამომწურავი ინფრომაცია მიეწოდება მედია საშუალებების შემუშავებული რეკომენდაციების შესახებ.
საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდების მონაწილეობის უზრუნველყოფას ქვეყანაში მიმდინარე კონსტიტუციურ პროცესებში.