18 ივლისს, ხუთშაბათს, 10 საათზე, ს.ს. „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დელეგაციას მიიღებს, რომელსაც EBRD-ის პრეზიდენტი სუმა ჩაკრაბარტი ხელმძღვანელობს.
ირაკლი კოვზანაძე დელეგაციის წევრებს გააცნობს „საპარტნიორო ფონდის“ მისიას, ამოცანებს, შესაძლებლობებს და მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებს. შეხვედრაზე მხარეები იმსჯელებენ, თუ რა ფორმებით, რა ფორმატით და რა მოცულობით არის შესაძლებელი და სასურველი „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ და „საპარტნიორო ფონდის“ სამომავლო თანამშრომლობა. შეხვედრას დაესწრება საპარტნიორო ფონდის შემადგენლობაში შემავალი ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (იბიარდი) დელეგაციის შემადგენლობაში არიან ბანკის პრეზიდენტი სუმა ჩაკრაბარტი, მმართველი დირექტორი ოლივიე დეკომპი, ორგანიზაციის კავკასიის, მოლდოვასა და ბელორუსის დირექტორი ბრუნო ბალვანერა, პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი კრისტოფ დენკი, საბჭოს დირექტორი საქართველოს საკითხებში კლარა კროლი, უფროსი ეკონომისტი ალექს პივოვარსკი, პოლიტიკური მრჩეველი მაჰირ ბაბაევი, უფროსი ბანკირი დავით მანაგაძე.
„საპარტნიორო ფონდი“ 2011 წელს შეიქმნა. ფონდის მიზანია კერძო ინვესტიციების მხარდაჭერა საქართველოს ეკონომიკის რამდენიმე სექტორში. კერძოდ: ენერგეტიკაში, სოფლის მეურნეობაში, ინფრასტრუქტურაში და წარმოებაში.