შს და იუსტიციის სამინისტროების განცხადებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების ტექსტი მთელ რიგ უზუსტობებს შეიცავს.
საუბარი ეხება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სამდივნოს მიერ მიმდინარე წლის 21 ივნისს გამოაქვეყნებულ "რეკომენდაციებს 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის"
განცხადებაში წერია:
"დოკუმენტის შესავალში აღნიშნულია, რომ რეკომენდაციების ნაწილი გათვალისწინებულია კომისიის უმრავლესობის მიერ, ნაწილი კი უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის წინადადებებს წარმოადგენს. რეკომენდაციების ტექსტი შეიცავს მთელ რიგ უზუსტობებს კომისიის შემადგენლობის უმრავლესობის მიერ დაფიქსირებული პოზიციის ასახვის ნაწილში, არ შეესამება ჩვენ მიერ სამდივნოსათვის გადაგზავნილ ტექსტს. კერძოდ:
1. შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარ პროკურატურისა და ფინანსთა სამინისტროს მიმართ შემუშავებული რეკომენდაციის გამოქვეყნებული ტექსტი შემდეგია: "წინაასაარჩევნო პერიოდში თავი შეიკავონ საარჩევნო პროცესში ჩართული ოპოზიციის აქტივისტების, საარჩევნო შტაბის წევრებისა და მათი მხარდამჭერების ძველ საქმეებთან დაკავშირებით დაკითხვებზე დაბარებებისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმის მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ან იქმნება საპროცესო ვადის დარღვევის საფრთხე". სამდივნოსათვის გადაგზავნილი ტექსტის რედაქცია კი ასე გამოიყურება: "წინასაარჩევნო პერიოდში თავი შეიკავონ საარჩევნო პროცესში ჩართული ოპოზიციის აქტივისტების, საარჩევნო შტაბის წევრების დაკითხვებზე დაბარებებისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმის მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ან იქმნება საპროცესო ვადის დარღვევის საფრთხე".
2. მთავრობის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, მთავარი პროკურატურისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართ რეკომენდაციაშიც შეცვლილია ის ფორმულირებები, რომლებსაც ეთანხმებოდა უმრავლესობა. კერძოდ, გამოქვეყნებული ტექსტი ასე გამოიყურება: "საქართველოს მთავრობამ თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისაგან, რაც ადმინისტრაციული რესურსის მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენებას განაპირობებს. მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ადეკვატური რეაგირება მოახდინოს მათზე. მთავარმა პროკურატურამ და სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საფუძვლიანად შეისწავლონ ისეთი შემთხვევები, როცა კერძო ფულის საარჩევნო მიზნებით ხარჯვა ხდება." უმრავლესობის მიერ შემოთავაზებული ტექსტი შემდეგი სახისაა: "საქართველოს მთავრობამ თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისაგან, რაც ადმინისტრაციული რესურსის მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენების შესაძლებლობას შექმნის. მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეფექტური რეაგირება მოახდინოს მათზე. მთავარმა პროკურატურამ და სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საფუძვლიანად შეისწავლონ "კერძო ფულის" საარჩევნო მიზნებით უკანონო ხარჯვის შემთხვევები’’.
3. ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ არსებული რეკომენდაციის გამოქვეყნებული ტექსტი ასე გამოიყურება: "მკაფიოდ განუმარტონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა, რომელიც ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას უკრძალავს. სამინისტროს მაღალი რანგის თანამდებობის პირებმა საჯარო გზავნილი გაუგზავნონ უწყების თანამშრომლებს, რომ საარჩევნო კამპანიებში მათი მონაწილეობა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ნორმატიული აქტით განსაზღვროს, არჩევნების დღეს, რა შემთხვევაში აქვს პოლიციას საარჩევნო უბნის სიახლოვეს ყოფნის უფლება, რათა გამოირიცხოს ზეწოლა როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე, ასევე ამომრჩევლებზე." ჩვენ მიერ შემოთავაზებული ტექსტი ასეთი სახის იყო: "განუმარტონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა, რომელიც ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას უკრძალავს. სამინისტროს მაღალი რანგის თანამდებობის პირებმა საჯარო გზავნილი გაუგზავნონ უწყების თანამშრომლებს, რომ საარჩევნო კამპანიებში მათი მონაწილეობა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ნორმატიული აქტით განსაზღვროს, არჩევნების დღეს, რა შემთხვევაში აქვს პოლიციას საარჩევნო უბნის სიახლოვეს ყოფნის უფლება, რათა გამოირიცხოს ზეწოლის შესაძლებლობა როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე, ასევე ამომრჩევლებზე."
4. და ბოლოს, საქართველოს მთავრობისათვის მიცემული რეკომენდაცია: "წინასაარჩევნო პერიოდში თავი შეიკავოს მედია საშუალებებით ისეთი სარეკლამო რგოლების განთავსებისგან, რომელიც საიმიჯო ელემენტებს შეიცავს და პოლიტიკურ რეკლამად შეიძლება იქნეს აღქმული" (გამოქვეყნებული ტექსტი). "წინასაარჩევნო პერიოდში თავი შეიკავოს მედია საშუალებებით ისეთი სარეკლამო რგოლების განთავსებისგან, რომელიც საიმიჯო ელემენტებს შეიძლება შეიცავდეს და პოლიტიკურ რეკლამად იქნეს აღქმული" (უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი ტექსტი)", - ნათქვამია განცხადებაში და ასევე აღნიშნულია, რომ განცხადებას უწყებათაშორისი კომისიის წევრი სხვა სამინისტროების წარმომადგენლები უერთდებიან.