პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის დასავლელ პარტნიორებს მადლობას უხდის. შესაბამისი განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე გააკეთა.
"აღმოსავლეთ ევროპაში ევროინტეგრაციის პროცესის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სამწუხაროდ, ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში დღემდე ბევრია გადაუჭრელი კონფლიქტი. თქვენ იცით, რომ ეს პრობლემა საქართველოს წინაშეც მწვავედ დგას. პირველ რიგში, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს დასავლელ პარტნიორებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და თანამიმდევრული მხარდაჭერისათვის. ჩვენ დიდად ვაფასებთ იმას, რომ ევროკავშირი განსაკუთრებულ როლს თამაშობს საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საქმეში. ევროკავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ეუთო-სთან ერთად ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეა, საქართველოში ახორციელებს სადამკვირვებლო მისიას, მოვლინებული ჰყავს კრიზისის საკითხებში თავისი სპეციალური წარმომადგენელი, გარდა ამისა, ევროკავშირი ე.წ. "არაღიარების პოლიტიკის" აქტიური მხარდამჭერია. იმედი გვაქვს, ევროკავშირი სამომავლოდ უფრო მეტად ჩაერთვება ამ პროცესში", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე განმარტებით, თავის მხრივ, საქართველომ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე მიმართული საგარეო პოლიტიკის კურსის განუხრელად გატარებასთან ერთად, ახალი კომპონენტი შეიტანა საგარეო პოლიტიკაში და გამოთქვა მზადყოფნა რუსეთთან დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით.
"რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში დაინიშნა ჩემი სპეციალური წარმომადგენლი, რამაც საშუალება მოგვცა კონკრეტული პრაგმატული ნაბიჯები გადაგვედგა ვაჭრობის, ეკონომიკისა და კულტურული კავშირების მიმართულებით.
თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ორმხრივ ფორმატში შევძლებთ რუსეთთან კონფლიქტის მოგვარებას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჟენევის მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი ფორმატია რუსეთთან კონფლიქტის შესახებ მოლაპარაკებების საწარმოებლად და ჩვენ ამ პროცესის ერთგული ვიქნებით. მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობით, ჩვენ შევძლებთ საქართველოსა და მთელ რეგიონში დემოკრატიის განმტკიცებას, ეკონომიკის მდგრად განვითარებას და უსაფრთხოებისა და მშვიდობის მიღწევას", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
სიტყვით გამოსვლის ბოლოს ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ევროპული ინტეგრაცია არის უაღრესად საპასუხისმგებლო არჩევანი ჩვენი ქვეყნისთვის.
"ეს არის ჩვენი ხალხის კარგად გაცნობიერებული არჩევანი, რომელიც ბევრ შრომასა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენ ავიღეთ ეს პასუხისმგებლობა და, დარწმუნებული ვარ, ჩვენ გავხდებით ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. იმედს გამოვთქვამ, რომ კონფერენციაზე შეიქმნება საუკეთესო გარემო აქტუალური საკითხების განხილვისა და შემდგომი პერსპექტივების ზუსტად განსაზღვრისათვის", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.