საქართველოს პრემიერ-მინისტრი მედიას წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ჟურნალისტური ეთიკის მაღალი სტანდარტების შესაბამისად მუშაობის თხოვნით მიმართავს , საერთაშორისო ორგანიზაციებს კი წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგში დამკვირვებლების ჩართვას სთავაზობს, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში აცხადებს.
პრემიერი დარწმუნებულია, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ღირსეული კანდიდატი ღირსეულად გაიმარჯვებს.
"მივმართავ მედიის წარმომადგენლებს, ჟურნალისტური ეთიკის მაღალი სტანდარტების შესაბამისად, ობიექტურად და მიუკერძოებლად მიაწოდონ საზოგადოებას სრული და დაბალანსებული ინფორმაცია საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ. ეს პროცესი იმასაც ნათლად დაგვანახებს, თუ რომელი ტელეკომპანია, გაზეთი თუ ჟურნალისტი ახერხებს სახელისუფლებო წნეხისაგან გათავისუფლებული მედიის სიკეთეებით სარგებლობას და ვინ ამჯობინებს პროპაგანდის იარაღად დარჩენას.
მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მეგობარი ქვეყნების დიპლომატიურ მისიებს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, - დღეიდანვე რაც შეიძლება მეტი კვალიფიციური დამკვირვებელი ჩართონ საარჩევნო პროცესის მონიტორინგში და დროულად მოგვაწოდონ მათი შენიშვნები და რეკომენდაციები", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.