2013 წლის 8 ივლისს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, კომისიამ სხვა საკითხებთან ერთად ე. წ. რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლების საკითხი განიხილა (იგულისხმება ის ამომრჩევლები, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზით გაუუქმდათ რეგისტრაცია გარკვეულ მისამართზე). 2012 წლის 1 ოქტომბრის პარლამენტის და 2013 წლის 27 აპრილის შუალედურ არჩევნებზე ამ ამომრჩევლებს საშუალება ჰქონდათ არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ მათი ბოლო რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
კომისიის სხდომაზე ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარი ცენტრალური საარჩევნო კომისიის 7-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო იყო ხმათა 2/3 ანუ 9 ხმა, რაც ნიშნავს, რომ დღევანდელი მდგომარეობით რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლები 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ცესკო-ს მონაცემებით ასეთი ამომრჩევლების რაოდენობა 97 ათასს აღემატება, მ.შ. 70 ათასზე მეტი თბილისში. პარლამენტის ბოლო არჩევნებზე ამგავარ ამომრჩეველთაგან დაახლოებით ნახევარმა მიიღო მონაწილეობა.