გამოიყენებს კი საქართველოს ხელისუფლება, ქვეყანაში არსებულ შესაძლებლობებს საკუთარი ხალხის ჯანმრთელობის დაცვისა და სიცოცხლის შენარჩუნებისათვის?!

გამოიყენებს კი საქართველოს ხელისუფლება, ქვეყანაში არსებულ შესაძლებლობებს საკუთარი ხალხის ჯანმრთელობის დაცვისა და სიცოცხლის შენარჩუნებისათვის?!

ღია წერილი

 

საქართველოს პრემიერ მინისტრს ბატონ ბიძინა ივანიშვილს,

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრს

ბატონ დავით სერგეენკოს,

პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ დიმიტრი ხუნდაძეს,

ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის

კომიტეტის თავმჯდომარეს ქალბატონ ეკა ბესელიას

სსიპ- ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებღივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს, ბატონ ამირან გამყრელიძეს.

შუაგულ თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა (გოთუას ქუჩა №3-ში) და ახალი, ქალაქ თბილისის მერიის უკან გასული საუკუნის ფუნდამენტალურ შენობებში განთავსებულია ბაქტერიოფაგიის მოკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტი. ასწლოვანი ხეები სიწყნარითა და იდუმალებით მოცულს ხდიან მისი სულისჩამდგმელის, გიორგი ელიავას სახელობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს.

სიამაყის გრძნობით აღვნიშნავ, რომ ერთმა პიროვნებამ, ქართველმა გიორგი ელიავამ მიუხედავად თავისი მოკლე და ტრაგიკული სიცოცხლისა, შეძლო გასული საუკუნის დასაწყისში შეეთვისებინა ევროპული განათლების მიღწევები და სწორი სტრატეგიითა და ტაქტიკით შეემუშავებინა, შეეფასებინა დაემტკიცებინა და დაენერგა კონკრეტული ნოზოლოგიების აბსოლუტურად უვნებელი ფაგოთერაპიული მკურნალობის მეთოდი. ეს ყველაფერი 45 წლის ერთმა სიცოცხლემ შეძლო.

მაშინ, როცა ანტიბიოტიკებით მკურნალობით გართული ევრო-ამერიკული სივრცის მეცნიერები ანტიბიოტიკებით მკურნალობის მიღწევებით თავბრუდახვეულნი, მკურნალობის გვერდით მოვლენებზე და რეციდივის რეზისტენტულ მდგრადობაზე ყველაზე ნაკლებად ფიქრობდნენ, გიორგი ელიავამ სწორად შეაფასა ფაგური პრეპარატის უვნებელი მკურნალობის პოტენციალი, სიტუაცია და ფაგური პრეპარატის პირველაღმომჩენელ ფელიქს დელედის მეგობრობით გაძლიერებულმა საბჭოთა კავშირის უზარმაზარ სივრცეში შექმნა ისეთი მკურნალობის სისტემა, რაც საუკუნის შემდეგ, დღევანდელი მდგომარეობით, ევრო-ამერიკული სივრცის საუკეთესო მეცნიერების კვლევის საგანს წარმოადგენს. იხილეთ ამერიკელი მეცნიერის Elizabeth Kutter-ის ფუნდამეტალური შრომა,-„ბაქტერიოფაგი, როგორც ანტიბიოტიკები“, რომელიც პეტერბურგის სამედიცინო აკადემიის პროფესორებმა ა. ივანოვმა დიდი რუდუნებით თარგმნა 2001 წელს ინგლისურიდან. (http://www.biomedservice.ru/publish/pr_bacteroaphages.pdf)

საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრედ, მისი დაშლის შემდეგ რუსეთის ფედერაცია გამოცხადდა. ქართული ინტელექტის მიღწევები, რომელიც გოთუას ქუჩაზე ოთხმოცი წლის მანძილზე იქმნებოდა და პარალელურად საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის მუზეუმებში ფიქსირდებოდა - რუსეთის ფედერაციის საკუთრებად გამოცხადდა. ამდენად გიორგი ელიავას სამეცნიერო -კვლევით ინსტიტუტს, უმძიმეს წლებში მხოლოდ ისღა დარჩენოდა, რომ პირველ ორიგინალი საკუთარი პროდუქცია ჯენერიკ პროდუქტად დაერეგისტრირებინა.

რუსეთიდან „გამონთავისუფლებილმა“ ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობი-ოლოგიისა და ვირუსოლო­გიის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა ვერ მოახერხა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში ათწლეულების მანძილზე სხვადასხვა მეცნიერების მიერ მათ პრეპარატებზე დადასტურებული სამეცნიერო კვლევების შედეგად მიღებული მიღწევების მოწესრიგებული აღრიცხვიანობის გამოტანა, ეს კი არსებითია. ინსტიტუტის უზარმაზარი კოლექტივი, რომელიც მთელი საბჭოთა კავშირის სივრცისათვის პროდუქციას უშვებდა უფუნქციოდ დარჩა. დადგა წლები, როდესაც ინსტიტუტის ყველაზე ერთგული თანამშრომლები უხელფასოდ, ენთუზიაზმზე ემსახურებოდნენ საყვარელ საქმეს და ქვეყანას. ამასობაში წლები გადიოდა და მსოფლიო გამომწვევი პატოგენების მკურნალობის საკითხებში ღრმა ჩიხში მოექცა. ანტიბიოტიკებითა და სულფანილამიდური პრეპარატები, რომლის შექმნასაც წლები სჭირდება არც თუ ისე უვნებელი აღმოჩნდა. განვითარდა სხვადასხვა ეტიოლოგიის გამომწვევი რეციდივი კულტურების მდგრადი შტამები.

გაერთიანებული ერების მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ შემოიტანა არამართვად ინფექციურ დავადებათა ( აიდ-ის) ცნება. ეს ცნება საქართველოს „ჯამრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის 3 მუხლშიდაც გამყარდა შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსებით. ზეაღმატებული სახელმწიფოების წინაშე დადგა ჟამი ახალი საიმედო მკურნალობის ძიებისა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ევროპაში და თუნდაც რუსეთში დიდი ხანია ცუდ ტონადაც კი ითვლება ექიმის მიერ პაციენტზე ორიგინალი ანტიბიოტიკების დანიშვნა, ჯენერიკებზე საუბარიც ზედმეტია.

მსოფლიო იძულებული გახდა და გაიხსენა კავკასიონის თეთრი მთების გადაღმა მდებარე საოცრად ლამაზი ქვეყანა, საქართველო, საკუთარი მეცნიერებათა აკადემიით, საოცარი ხალხით, უძველესი კულტურით ( ასე ახასიათებს თავის ნაშრომში ელისაბედ კუტერი (აშშ) საქართველოს) და გაიხსენა მეცნიერი ჯორჯ ელიავაც, რომელიც კომუნისტებმა შეთითხნილი ბრალდებით 1937 წელს 45 წლის ასაკში დახვრიტეს, ევრო-ამერიკული სივრცისათვის უცნობი წარმატებული ფაგური პრეპარატების მკურნალობის საკითხებთან დაკავშირებით.

ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტს მის ისტორიაში ახალი ეტაპი დაუდგა, ინსტიტუტით ევრო-ამერიკული სივრცე დაინტერესდა. ახლად დამეგობრებულმა ზეაღმატებულმა სახელმწიფომ, ცალკეული პირების მერკანტილური ინტერესების გათვალისწინებით, შეზღუდული უფლებების ხელშეკრულებითი შებოჭვით, ინსტიტუტი სამოწყალო გრანტებზე დასვა. თვითონ საქართველოს ხელისუფლებას, საზოგადოებრივი კონტროლის არარსებობის პირობებში, ყველაზე ნაკლებად აწუხებდა და აინტერესებდა ის, რომ მისი ქვეყნის ძლიერებისათვის მსოფლიოში უნიკალური სამეცნიერო პოტენციალის კვლევით ინსტიტუტს ფლობდა საკუთარ ტერიტორიაზე. ინსტიტუტის წარმატებებითა თუ პრობლემებით არც მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ინტერესდებოდა.

საქართველოსათვის უცხო არ არის მსოფლიოში წინა პლანზე წამოწეული არამართვადი ინფექციური დავადებები, უფრო მეტიც, საქართველოში ბოლო 23 წლის მანძილზე მკვეთრად გაუარესებულმა სოციალურმა ფონმა გაზარდა სხვადასხვა ეტიოლოგიის რეზისტენტული ფორმის ინფექციები, დავასახელებ თუნდაც ქვეყანაში სხვადასხვა ეტიოლოგიების ნაწლაური ინფექციებს და სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების რეზისტენტული ტუბერკულოზის ფორმებს. სიტუაციას სახელმწიფოში ამძიმებდა და ამძიმებს ისიც, რომ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარს დისტრიბუციის, ვაჭრობისა და წარმოების სფეროში უდიდესი წილის მქონე ორი ძირითადი კომპანია აკონტროლებს, ისინი იმავდროულად პრივატიზირებულ ჰოსპიტალურ, სადაზღვევო კომპანიებს და კლინიკებს ფლობენ, ხელისუფლებასთან შეზრდილნი ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან ვერტიკალურ მონოპოლიას (ანუ ოლიგოპოლიას) ქმნიან, ჯერ კიდევ პარლამენტში სხედან და საკუთარი ინტერესების ინერციით ლობირებას ახერხებენ. კანონმდებლობაში ადეკვატური ხარისხის კონტროლისა და მომხმარებლის უფლებების დაუცველობის გამო არ კონტროლდებიან, მათგან ვყიდულობთ იმას რაც მათ უნდათ, მათ მიერ მანიპულირებად ფასებში. (იხილეთ ჟურნალისტ პოლ რიმპლის ნაშრომი „ვის ეკუთვნოდა საქართველო 2003-2012 წლებში). ქვეყანა გაჯერებულია ჯენერიკული ფორმის უკონტროლო პროდუქციით, რომელსაც რეკლამას არც თუ ცუდი დისტრიბუტორებად ქცეული ქართველი ექიმები უწევენ სამოწყალოდ და სამარცხვინოდ. ასეთ პირობებში ერის ჯამრთელობაზე ო ც ნ ე ბაც კი ზედმეტია. სისტემა ცალკეული პირების გამდიდრებაზეა აგებული.

 რაც შეეხება საუკუნოვან ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტს იგი უცხო და მიუწვდომელი გახდა საკუთარი ხალხისათვის. ინსტიტუტის ოფიციალური ვებ გვერგი (http://www.eliava-institute.org/?rid=4) მხოლოდ ინგლისურ ენაზეა წარმოდგენილი, მოგეხსენებათ ინგლისური ენა საქართველოში სახელმწიფო ენა არ გახლავთ და შესაბამისად ამ ენას მოქალაქეთა უდიდესი უმრავლესობა არ ფლობს. ამდენად ინსტიტუტის მეცნიერული მიღწევევბის გაცნობა უბრალო მოკვდავისათვის ხელმიუწვდომელია. მართალია ბაქტერიოფაგი უშვებს პროდუქციას -კომერციულ ფაგებს, რასაც კერძოდ საბჭოთა კავშირის დროსაც ამზადებდა და დავადებების პრევენციისათვის შესანიშნავი საშუალებაა, მაგრამ მოგეხსენებათ რეციდივ კულტურას არ სძინავს და იგი მდგრადობას ფაგის მიმართაც იჩენს, ამდენად კომერციული ფაგის გამოყენების შემდეგ, რეზისტენტული, კვლავგანმეორებადი ინფექციების შემთხვევებში, რამაც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მსოფლიო მოიცვა ავტო-პოლუ-ფაგების დამზადება გარდაუვალი აუცილებლობა ხდება პაციენტისათვის, რაც სახელწიფოებრივ სისტემურ მიდგომას მოითხოვს და ძირითადად, დამეგობრებული სახელმწიფოების მოწყალებაზე დასმულ ბაქტერიოფაგიის ინსტიტუსის შესაძლებლობებს ცდება.რეციდივების იდიენტიფიცირება, In vitro პირობებში რეზისტენტული კულტურის დამადცხება, ხარისხობრივად ახალი პრეპარატის აუტოფაგის მიღება და კლინიკის პირობებში მისი გამოყენება, ახალ მიდგომას, სახსრებს და გარდა ამისა, რაც მთავარია პროცესის სამართლებრივ გამართვას მოითხოვს სახელმწიფოში. დიდება უფალს რომ ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტის თანამშრომლებს, საქართველოში, თბილისში მდებარე გოთუას ქუჩაზე შეუძლიათ რეზისტენტული რეციდივების In vitro დამარცხება უმოკლეს ვადებში.

ასეთ მოცემულობაში გახდა აუცილებელი საზოგადოების მოთხოვნილებებიდან გამომდინარე მომზადებულიყო სატრამპლინო პროექტი კონკრეტული ნოზოლოგიის მიხედვით პროექტში სახელმწიფო სტრუქტურების ჩართვით და პროექტის განხორციელებაში სახელმწიფოს უშუალო მონაწილეობით: საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, თავისივე კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტით; დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის; გიორგი ელიავას ბაქტერიოფაგიის მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი; სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ცნობილი პროფესორები, რათა ხარისხობრივად ახალი მიდგომით სამართლებრივად გამართულად და ნებადართულად კლინიკის პირობებში გამოყენებულიყო სათანადოდ იდიენტიფიცირებული რეზისტენტული კულტურის წინააღმდეგ დამზადებული აუტო ფაგური პრეპარატი. კლინიკურ პრაქტიკაზე დაყრდნობით შემუშავებულიყო რეკომენდაციები (გაიდლაინები).. ანალოგიური მიდგომებით უნდა გადაწყდეს დარგობრივი მედიცინაში არსებული პრობლემები. ეს არის არამართვად ინფექციურ დავადებათა წინააღმდეგ პრობლემის გადაჭრის ის გზა, რაზედაც მსოფლიო დღეს თავს იმტვრევს. პროცესი უნდა მოწესრიგდეს იმიტომაც, რომ შემდეგ პროდუქტი და მომსახურება მსოფლიოში პირველებმა გავყიდოთ. ვერ გამიგია, რატომ უნდა ვეძებდეთ ტყეში პანტას, მაშინ როცა სახლში თურაშაული გვაქვს?!

ნათქვამიდან თვალსაჩინოებისათვის ყურადღებას გავამახვილებთ და გამოვყოფთ შემდეგს:

1) ევროპა და ამერიკა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ჯერ კიდევ შესწავლის სტადიაზეა იმისა, რასაც საბჭოთა კავშირის პირობებში გიორგი ელიავამ მიაღწია თავის მიმდევრებთან ერთად ფაგური პრეპარატის მკურნალობის საკითხში. როცა საბოლოოდ გაერკვევიან, გარწმუნებთ ჩვენსავე მიღწევებს კარგად შეფუთულს ძალიან ძვირად მოგვყიდიან. ევროპელები ისევე როგორც ამერიკელები პრობლემას კარგად ხედავენ, მაგრამ მათი გადაჭრის კონკრეტული მიდგომები არ გააჩნიათ იხ. ელისაბედ კუტტერისა (აშშ) და ევროპის ექსპერტთა ჯგუფის ხემძღვანელის, დოქტორის, პროფესორის ირია ლუტსარის ხედვები აღნიშნულთან დაკავშირებით. ესტონია. ტარტუ. (http://fagoterapia.blogspot.com/)

2) რაც შეეება რუსეთის ფედერაციას, რომელიც სამართალმემკვიდრე და უფრო მეტი უფლებების მატარებელი აღმოჩნდა ამ საკითხში. გიორგი ელიავა საკავშირო ინსტიტუტსაც ხელმძღვანელობდა და როგორც აღვნიშნეთ ფაგები საკავშირო ინსტიტუტის მუზეუმშიც ფიქსირდებოდა. ამდენად რუსეთის ფედერაციას ფაგების სრული კოლექცია გააჩნია. გარდა ამისა მეცნიერ ჟილენკოვას ხელმძღვანელობით შემუშავებული აქვთ ფაგების გამოყოფის უნიკალური მეთოდი, რაც Know how საგანს წარმოადგენს. ამასთან ერთად ობოლენსკის მიკრობიოლოგიისა და ბიოტეხნოლოგიის სამეცნიერო – კვლევით ცენტრში კომერციული ფაგების წარმოებაცაა გამართული, მაგრამ მაპატიოს მეცნიერმა, დოქტორმა და პროფესორმა, ბატონმა ვლადიმერ კრილოვმა თუ ვეტყვი, რომ მისი მიდგომებით პრობლემების გადაჭრა გასულ საუკუნეში ჩარჩენაა და არა წინ გადადგმული ნაბიჯი აიდ ინფექციების ეფექტური მკურნალობის დანერგვის საკითხში იხ (http://fagoterapia.blogspot.com/) და კიდევ, რაც მთავარია იქაც პირველ ადგილზე დგას საკითხი სამართლებრივი გაუმართაობისა.

წარმოდგენილი ღია წერილით, როგორც ხელისუფლების ასევე ფართო საზოგადოების ყურადღებას მივაპყრობ იმ ფაქტს, რომ ჩვენ, ახალ ხელისუფლებას წარუდგინეთ სიტუაციის ცოდნით, ყოველმხრის ღრმა მეცნიერულ ანალიზზე გათავისებული სოციალური პროექტი. ამ ერთი პროექტის რეალიზებამ საქართველოს საზოგადოების სასარგებლოდ უნდა შესცვალოს ჯამრთელობის დაცვაში მიდგომები და გადაარჩინოს ათეულობით ასეულობით და ათასეულობით ადამიანები.

 და ბოლოს, ხომ აქვს საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს სიცოცხლის უფლება? ხომ აქვს საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს ისარგებლოს მეცნიერების პროგრესის სიკეთეების გამოყენებით? (საქართველოს კონსტიტუციის მე-7-დე და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დეკლარაციის 27 მუხლი), მითუმეტეს თუ -კი ეს მიღწევები მისივე სახელმწიფოშია. ხომ აქვს საქართველოს საზოგადოებას საკუთარ ხელისუფლებას, რომელსაც ძალაუფლება გადასცა მოთხოვოს იმოქმედოს ხალხის ინტერესების სასარგებლოდ, ემსახუროს ხალხს. დიახ აქვს, აქვს და კიდევ ერთხელ აქვს.

გამოიყენებს კი საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში არსებულ შესაძლებლობებს საკუთარი ხალხის ჯამრთელობის დაცვისა და სიცოცხლის შენარჩუნებისათვის თუ– კი მას, ასეთ ამოცანას გადასაჭრელად საზოგადოება უყენებს?!

მანანა ორბელიანი

უფლებადამცველი, კულტურულ-საგანმანათლებლო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლებრივი სახელმწიფო -სამოქალაქო საზოგადოების“ ხელმძღვანელი.