Today’s Zaman - საქართველო რთულ პოლიტიკურ მოთხოვნებზე გადადის

Today’s Zaman - საქართველო რთულ პოლიტიკურ მოთხოვნებზე გადადის

"თავისუფალი სავიზო რეჟიმის დასასრული ირანელებისთვის: საქართველო რთულ პოლიტიკურ მოთხოვნებზე გადადის". ამ სათაურით აქვეყნებს თურქული გამოცემა Today’s Zaman ზაურ შირიევის სტატიას. 

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველო-ირანის ურთიერთობის საკამათო განვითარება გასულ თვეს საერთაშორისო მედიის განხილვის საგანი იყო, სადაც აცხადებდნენ, რომ საქართველო ირიბად ეხმარებოდა ირანს დასავლური სანქციებისთვის თავის არიდებაში.

"მიუხედავად იმისა, რომ ასეთი განცხადებების გაკეთებისთვის რეალური სამხილი არ არსებობდა, Wall Street Journal-მა ივნისის სტატიაში დასავლეთი დაარწმუნა, რომ თბილისი ხელსაყრელ გარემო სთავაზობს ირანელ ინვესტორებს", - წერს ზაურ შირიევი და აღნიშნავს, რომ სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში საქართველომ ირანთან უვიზო რეჟიმი გააუქმა.

თურქული გამოცემის სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ მოვლენების ასეთი განვითარება რამდენიმე კითხვას ბადებს – პირველ რიგში, როგორ იმოქმედებს ქართული მხარის ეს გადაწყვეტილება საქართველო-ირანის ორმხრივ ურთიერთობაზე, მეორე რიგში კი, რა როლი ექნება ამ ყველაფერში ისრაელს.

"პირველ რიგში, იმის თქმა, რომ ივანიშვილის მთავარობა ირიბად ეხმარება ირანს დასავლური სანქციებისთვის თავის არიდებაში არა პროამერიკული პოზიციების გატარებით და საქართველოში ირანელების ბიზნეს ინტერესების გაზრდის დახმარებით – სიცრუეა. დაუსაბუთებელია ის უამრავი ბრალდებაც, რომ თბილისი ირანელებს ქართულ ბანკებში ფულის გათეთრებით ეხმარება. სიმართლეა, რომ მას შემდეგ, რაც საქართველომ ირანთან თავისუფალი სავიზო რეჟიმი შემოიღო, საქართველოში ირანელ ტურისტთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. გასულ წელს მათმა რიცხვმა თითქმის 89 ათასი შეადგინა", - წერს ზაურ შირიევი.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს, რომლისთვის ტურისტული ინდუსტრია ქვეყნის შემოსავლის ძირითადი წყაროა, ამ ქმედებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას.

"სავარაუდოდ, ეს ქმედება ქართულ მხარეს დასავლეთის ბრალდებების შეწყვეტის სურვილმა გადაადგმევინა ისევე, როგორც მედიაში ატეხილი პანიკის შეჩერებამ, რაც საფრთხეს უქმნიდა საქართველოს ხელისუფლების საჯარო იმიჯს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ თუ მომავალში სავიზო საკითხები პრობლემებს შექმნის, ირანმა საქართველოში არსებული რელიგიური კავშირებით, შესაძლოა, არეულობა გამოიწვიოს საქართველოში მცხოვრები შედარებით გაუნათლებელ მუსლიმებს შორის, რომლებიც მზად იქნებიან ამ პროვოკაციაში ჩასართავად", - წერს სტატიის ავტორი.

თურქული გამოცემის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, არსებობს მოსაზრება, რომ ირანთან უვიზო რეჟიმის გაუქმება, მომავალში ისრაელთან სამხედრო თანაშრომლობას შეუწყობს ხელს.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ირანთან თავისუფალი სავიზო რეჟიმის გაუქმებით საქართველომ, ერთი მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანა პროდასავლურ პოზიციებს არ თმობს. მეორე მხრივ, კი ამ მოვლენებს შიდა პოლიტიკური შედეგები აქვს.

"სამწუხაროდ, გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის არსებულმა დაპირისპირებამ, გავლენა იქონია ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, განსაკუთრებით დასავლეთში, სადაც საქართველოს ახალ ხელისუფლებას პრორუსულის ან ახალი ტერმინით რომ ვთქვათ, არა პროამერიკულის იარლიყი მიაკერეს. ამ ყოველივემ სერიოზულად შეარყია ქვეყნის იმიჯი. თუმცა, ირანთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას პოზიტიური მხარეც აქვს – ქვეყნის ხელისუფლებას უდიდესი პასუხისმგებლობა დაეკისრება, გამოიძიოს ირანელთა ქმედებები საბანკო ბიზნეს სექტორში. ამასთან, არსებობს გადაუდებელი საჭიროება გამოიძიონ ირანის სახელმწიფოს მიერ ქართული რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება. უსაფრთხოების მხრივ, ეს აშკარად შემაშფოთებელია", - წერს ზაურ შირიევი.