მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ციხის სკანდალური კადრების ავტორ ვლადიმერ ბედუკაძესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაზე ოფიციალური განცხადების გაკეთებას ხვალისთვის გეგმავს.
არჩილ კბილაშვილი, აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ, პრესკონფერენციაზე ისაუბრებს, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ ბედუკაძის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების არგუმენტებს არადამაჯერებლად მიიჩნევს და მთავარ პროკურორს გადაწყვეტილების კრიტიკულად გადახედვის თხოვნით მიმართავს.
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ მიიღო პატიმრების წამებისა და მათდამი არაადამიანური მოპყრობის არაერთ ფაქტზე ბრალდებული ბედუკაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლების გადაწყვეტილება, რაც მე მოგვიანებით, საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებისგან შევიტყვე. ამ უკანასკნელებმა მთხოვეს, შემეფასებინა ეს გადაწყვეტილება და მე დავპირდი, რომ დეტალური შესწავლის შემდეგ გავაკეთებდი განცხადებას და გამოვხატავდი ჩემს პირად დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი.
პირადად მე არც ერთხელ არ ჩავრეულვარ და არც მომავალში ვაპირებ რაიმე ფორმით ჩავერიო პროკურატურის საქმიანობაში. ცხადია, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისაგან დამოუკიდებლობის ის უპრეცედენტო ხარისხი, რაც ბოლო თვეების განმავლობაში მიენიჭა პროკურატურას, თეორიულად, შესაძლოა, შეიცავდეს გარკვეული შეცდომების დაშვების საფრთხეებსა და რისკებს, მაგრამ დღესაც მტკიცედ მჯერა, რომ პროკურატურის დამოუკიდებლობის საჯარო ინტერესი ბევრად აღემატება იმ ნეგატიურ შედეგებს, რაც ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება მოჰყვეს არასწორი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღებას.
რაც შეეხება ბედუკაძის საქმეს, მე გავეცანი ყველა იმ არგუმენტს, რომლებიც საფუძვლად დაედო მიღებულ გადაწყვეტილებას და მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ პირადად ჩემთვის ისინი არასაკმირისი და არადამაჯერებელია. დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი სახის განსაკუთრებული გარემოება არ შეიძლება იყოს საფუძველი წამების ჩამდენი პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლებისათვის. ამასთან ერთად, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამიტოვა ამ საქმის სხვა ფიგურანტების მიმართ გამოჩენილმა ლოიალურობამ, რამაც, ჩემი აზრით, არაადეკვატურად ლმობიერ განაჩენებში ჰპოვა ასახვა.
მიმაჩნია, რომ ეს დაუშვებელია, მითუმეტეს, როდესაც წინა ხელისუფლების პირობებში, ფაქტობრივად, დამკვიდრებული იყო ადამიანის უფლებათა უხეში და მასობრივი დარღვევების მუდმივი პრაქტიკა. ჩემი შეფასებით, ეს გადაწყვეტილებები ხელს შეუშლის მომავალში ამ უმძიმესი დანაშაულის თავიდან აცილებისათვის მიმართულ ძალისხმევას.
მინდა, ვთხოვო საქართველოს მთავარ პროკურორს, რომელიც სასამართლოსგან განსხვავებით, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია და ამიტომ შემიძლია, მას პირადად მივმართო, - კიდევ ერთხელ კრიტიკულად გადახედოს მიღებულ გადაწყვეტილებებს და თუკი გაიზიარებს ჩემს მოსაზრებებს, იქნებ გამოინახოს სამართლებრივი საშუალებები მათი გადასინჯვისთვის", - აღნიშნულია პრემიერის მიერ მთავარი პროკურორისადმი გაგზავნილ განცხადებაში.