ნიკოლაძის კოშკის სახელით ცნობილი ფოთის ისტორიული ნაგებობის დანგრევის შესახებ ინფორმაცია, რამდენიმე დღის წინ ექსკლუზიურად „მეცხრე არხმა“ მოამზადა, რასაც საზოგადოების მხრიდან მკვეთრი ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. კოშკის ნაწილის დასაცავად, ზოგი სოციალურ ქსელებში გააქტიურდა, „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მხარდამჭერებმა და საზოგადოების წარმოამდგენლებმა კი, ხალხმრავალი აქცია კოშკთან გამართეს.
„არ გაბედოთ ნიკოლაძის კოშკის ხელის ხლება“, „საქართველოს ისტორია 2003 წლიდან არ იწყება“, „ნუ გვინგრევთ ისტორიას“, ეს იყო ის ძირითადი ლოზუნგები და მოწოდებები, რომლითაც დღეს, ნიკო ნიკოლაძის კოშკის სახელით ცნობილი ისტორიული ძეგლის ირგვლივ, კოალიცია ქართული ოცნებისა და ფოთის საზოგადოების წარმომადგენლებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და კოშკის ერთი ნაწილის შესაძლო დემონტაჟი ამ ფორმით გააპროტესტეს.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ეკა ბესელიას განმარტებით, მის თანამოაზრეებთან ერთად კოშკის დასცავად მანამ დადგება, სანამ ამის საფრთხე იარსებებს.
იგივე განწყობა სუფევდა, აქციის სხვა მონაწილეებშიც, მათი განაცხადებით, კოშკის გადასარჩენად ბრძოლას გააგრძელებენ იქამდე, სანამ, ხელისუფლების მხრიდან არ იქნება გაცხადებული, რომ მისი ნაწილის დემონტაჟი გადაიფიქრეს და ეს მხოლოდ ვარაუდი იყო.
ფოთელი, დალი ებრალიძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან, კოშკის ნაწილის დემონტაჟზე განცხადება, თუნდაც ვარაუდის დონეზე, უკვე არის სახიფათო და საშიში.
აქციის დაგეგმვა და სისრულეში მოყვანა, მოხდა სპონტანურად, მიუხედავად ამისა, დღეს კოშკთან ასობით ადამიანი მივიდა და თავისი პოზიცია დააფიქსირა, მათ შორის იყვნენ პარტია „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზის“ წარმომადგენლები და პირადად პარტიის საერთაშორისო მდივანი თემურ მურვანიძე, მისი თქმით, ხელისუფლების უდიერი დამოკიდებულება ისტორიული და კულტურული ძეგლების მიმართ წლების მანძილზე გრძელდება. როგორც მან აღნიშნა, ნაციონალური ხელისუფლება ებრძვის არა მარტო ძეგლებს და ისტორიულ მემკვიდრეობას, არამედ ასევე ებრძვის დიდქართველებსა და ეროვნულ ცნობიერებას. მისი გნმარტებით, ამის ნათელი მაგალითია ის, რაც დღეს ფოთში ხდება და რასაც ადგილობრივი მოსახლეობა მტკივნეულად აღიქვამს.
„ეს ძეგლი არის ფოთის ისტორიის განუყოფელი ნაწილი და მისი ნაციონალების მიერ „რესტავრაცია“, რეალურად ძეგლის ნგრევას ნიშნავს, რაც ფოთელებმა არ უნდა დაუშვან და დარწმუნებული ვარ, ამის უფლებას ადგილობრივ ხელისუფლებას არც მისცემენ“, -განაცხადა თეიმურაზ მურვანიძემ.
სალომე ზურაბიშვილი facebook-ის საშუალებით ნიკო ნიკოლაძის კოშკის სახელით ცნობილი ძეგლის ნაწილის შესაძლო დემონტაჟს გამოეხმაურა .
„ტაძრის და ქალაქის აღსადგენად ნიკოლაძის კოშკი უნდა დაანგრიონ... ამისთვის მოუგონეს „საბჭოთა მინაშენის“ სტატუსი! სინამდვილეში ნიკოლაძეს სახელი უნდა გააქრონ... ვშიშობ, ამ გაქრობაში ჩემი ფაქტორიც ფიგურირებს! აქ მიშა ვერ იტყვის, ჩემი წინაპრებიო... ამითი უნდათ, გააქრონ თავისუფალი, ევროპელი, ნამდვილი „მშენებელი“ ქართველი მოღვაწის განუმეორებელი პიროვნებაც! მგონი, ამ თავიანთი უვარგისი ოცნების შესრულება გაუჭირდებათ, რაც არ უნდა „აჩქარებულ ტემპებში“ იმუშაონ! თქვენი დრო იწურება და ამაზედაც პასუხი მოგეთხოვებათ!“, - აცხადებს ზურაბიშვილი.
ფოთში მდებარე ნიკო ნიკოლაძის კოშკის სახელით ცნობილი ისტორიული ძეგლის ერთი ნაწილი შეიძლება, ფოთის რეაბილიტაციისა და საკათედრო ტაძრის გაფართოების პროექტს შეეწიროს.
ისტორიული ძეგლის მარჯვენა ფლიგელის დემონტაჟი, ფოთის მთავარი არქიტექტორის, ნუკრი ტუღუშის განმარტებით, იმაზეა დამოკიდებული, აღმოჩნდება თუ არა საკმარისი სივრცე მიმდებარე ტერიტორიიის კეთილმოსაწყობად.
„ეს არის მინაშენი კომუნისტების პერიოდში, 70-იან წლებში. ამიტომ ვიფიქრეთ, ხომ არ იქნება უმჯობესი მისი მოხსნა, რომ უფრო დიდი ტერიტორიაც გამოჩნდეს და კეთილმოსაწყობადაც უფრო კარგი იყოს. ძეგლის სტატუსი აქვს ამ მინაშენს, როგორც მთლიანად ამ ნაგებობას“,-აცხადებს ფოთის მთავარი არქიტექტორი ნუკრი ტუღუში.
ინტერნეტგამოცემა livepress.ge-სთვის გაკეთებულ კომენტარში, დემონტაჟის სხვა მიზეზებზე საუბრობს.
„ნიკოლაძის კოშკის მარცხენა ფლიგელის დანგრევა, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკატედრო ტაძრის შესასვლელის გაფართოვების მიზნით, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა 3 აგვისტოს ფოთში ჩასულ პრეზიდენტ სააკაშვილს სთხოვა“, - უთხრა livepress.ge-ს ფოთის მთავარმა არქიტექტორმა ნუკრი ტუღუშიმ.
თუმცა, კულტურის მუზეუმის დირექტორის, ელენე გაბლიანის ინფორმაციით, კოშკი გასული საუკუნის 70-იან წლებში კი არ აშენდა, არამედ ამ პერიოდში კიდევ ერთი რესტავრაცია ჩაუტარდა. აღნიშნული ფოტოების მოპოვება არქივიდან for.ge-მაც შეძლო, სადაც კარგად ჩანს, რომ მინაშენი, მე-19 საუკუნის ბოლოს მცირედი დაზიანებით არსებობდა.
ამასთან, ისტორიული წყაროების მიხედვით, ნაგებობა, რომელმაც ნიკო ნიკოლაძის ფოთში მოღვაწეობის პერიოდში (1894-1912 წლებში), კოშკის სახე მიიღო, XVI ს-ის 70-იან წლებში თურქებს ციხის სახით აუშენებიათ. ამის შესახებ 1654 წელს გამოცემულ წიგნში - „სამეგრელოს აღწერა“ იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი წერს, მისგან განსხვავებით, ფრანგი მოგზაური შარდენი კი უფრო ადრე პერიოდს - 1578 წელს ასახელებს.