საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო სამუშოები ქვემო ქართლის რეგიონის სოფლებიდან დაიწყო. დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე მარნეულის რაიონის სოფელ ახალ დიოკნისში პროგრამის ფარგლებში დაწყებულ ხვნის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
„საქართველოს მასშტაბით საგაზაფხულო ხვნის პროცესი აგროვადების ზუსტი დაცვით განხორციელდება, სწორედ ამიტომ პირველ ეტაპზე საგაზაფხულო სამუშაოებს ქვემო ქართლის სოფლებიდან ვიწყებთდა ეტაპობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება. ქვემო ქართლის რეგიონში „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწობის პროექტის“ განხორციელებით 39285 ბენეფიციარი ისარგებლებს და ამ რეგიონში 24 ათასი ჰა მიწის ფართობი დამუშავდება“, - განაცხადა დავით კირვალიძემ. მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამით, მხოლოდ მარნეულის რაიონში 80 სოფლის 7500 ბენეფიცირის კუთვნილი 3950 ჰა მიწის ფართობი დამუშავდება.
საგაზაფხულო პროგრამის მიხედვით, მცირე ფერმერებს, რომელთაც საკუთრებაში აქვთ 0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-მდე მიწის ნაკვეთები, მიიღებენ 2 სახის სასოფლო-სამეურნეო ბარათს: 1 ბარათი (კომბინირებული) - ნიადაგის ხვნა, ხნულის დადისკვა/გაფხვიერება და 2 ბარათი (ნომინალური) - 300 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონელისა და ინვენტარის შესაძენად.
მცირემიწიანი ფერმერებისთვის შემუშავებულია სხვადასხვა ტიპის დახმარების პაკეტი. საერთო ჯამში მთავრობა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი დაეხმარება 640 000-ზე მეტ მიწის მესაკუთრეს, ვისაც საკუთრებაში აქვს 0-დან 5 ჰექტრის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მცირემიწიანი ფერმერები სასოფლო-სამეურნეო ბარათის ფორმით მიიღებენ მათ სარგებლობაში არსებული მიწის ფართობის კატეგორიის შესაბამის სარგებელს. მხოლოდ მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის განხორციელებისთვის 180 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. წელს სოფლის მეურნეობის სფეროში მობილიზებული და დაგეგმილია 700 მილიონამდე ლარის დახარჯვა.