საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების სერია იძლევა შეშფოთების გამოხატვის საფუძველს, რომელიც ნათლად წარმოაჩენს იმ პოლიტიკური კოლიზიების საშიშ გამოვლინებებს, რაც დაკავშირებულია ქვეყანაში არსებული ხელისუფლების ამბივალენტობის ფენომენთან. განსაკუთრებით სახიფათო ტენდენცია მიიღო ექს-მმართველი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მიერ მიზანმიმართულმა და კარგად დაგეგმილმა, “შავი პიარ-ტექნოლოგიების” კონტექსტში წარმართულმა კამპანიამ, რომლის მიზანს წარმოადგენს პოლიტიკური ოპონენტების ფსიქოლოგიური, ფსიქიკური და მორალური განადგურება (კიდევ კარგი რომ საუბარი არ არის ფიზიკურ განადგურებაზე, როგორც ეს ხორციელდებოდა 1937-1953 წლებში საბჭოთა კავშირის ტოტალიტარულ სახელმწიფოში, 1938-1945 წლების ნაცისტურ გერმანიაში, 1975-1990 წლების პინოჩეტის ჩილეში და ბოლოს 2004-2012 წლის სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის პირობებში საქართველოში). სავსებით ლოგიკურად იკვეთება ზემოაღნიშნულ პროცესების უშუალო მართულობაში თბილისში განთავსებული პრეზიდენტის რეზიდენციაში მოკალათებული აწ უკვე “ვადაგასული პოლიტიკური” ლიდერების როლი. ექს-მმართველი “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც თავისი იდეოკრატიული არსით იხრება რადიკალურ-ლიბერტანიალური ორიენტაციის პოლიტიკური კურსისკენ და თავისი დაარსების დღიდან მოყოლებული (2000 წლიდან დაწყებული) ყოველთვის გამოირჩეოდა პოლიტიკური ოპორტუნიზმით, დესტრუქციული გამოვლინებებითა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მკვეთრი შეურიგებლობით. სწორედ ასეთი პოლიტიკური კურსი ხშირ შემთხვევაში უქმნიდა რეალურ საფრთხეს არა მარტო ქართულ საზოგადოებას, არამედ დარტყმის ქვეშ აყენებდა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პრინციპებსაც, რისი გამოხატულებასაც წარმოადგენდა 2003 წლის ნოემბრის ე.წ “ვარდების რევოლუცია” და 2008 წლის აგვისტოს ომი, რომ არაფერი ვთქვათ იმ შიდა პოლიტიკურ გამოწვევებზე, რაც გამოიხატა 2007 წლის 7 ნოემბრის, 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი ვაკხანალიის ფაქტების დემონსტრირებით, ქვეყანაში პოლიტიკური ტერორისა და “ხისტი” ავტორიტარული რეჟიმის დამყარებით, რისი გამოვლენაც იყო პოლიტიკური პატიმრების არსებობის გარემოება, რაც დაადასტურა 2012 წლის 1 ოქტომბერს დემოკრატიული პრინიცპებზე არჩეულმა საქართველოს პარლამენტმაც შესაბამისი პოლიტიკური დადგენილის მიღების მეშვეობით.
ამიტომაც სავსებით ბუნებრივია რომ ყველა ის პროცესი, ფაქტი თუ გარემოება, როლებიც უკავშირდება საქართველოში პოლიტპატიმრების თემატიკას ავტომატურად იწვევს მარგინალური ოპოზიციაში გადასულ “ნაციონალური მოძრაობის” ავტოკრატიული ნომენკლატურისთვის საშიშროებას. ამის ნათელი დადასტურებაა ამა წლის 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დატრიალებული ტრაგიკული მოვლენები და მათ მხრიდან პოლიტპატიმრების წინააღმდეგ აგორებული მიზანმიმართული და კარგად ორგანიზებული დემაგოგიური “შავი” პროპაგანდა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენი საზოგადოების წევრებს არ უნდა გაუკვირდეთ, რომ სააკაშვილის რეჟიმის ყოფილ მესვეურებსა და აპოლოგეტებს ყველაზე მეტად სწორედ მათი მმართველობის პერიოდში პოლიტპატიმრებად ქცეული ადამიანების აღიარება და გათავისუფლება უქმნის დიდ დისკომფორტს. რადგან სწორედ ეს ფაქტი ააშკარავებს ყველაზე მეტად “დემოკრატიის შუქურად” მონათლული რეჟიმის ნამდვილ სახეს. ამიტომაც სულაც არ არის გასაკვირი, რომ პოლიტიკურ პატიმრებს ისინი ხან საშიშ კრიმინალებად, ხან მკვლელებად, ხან ქვეყნის გადამტრიალებლებად და ხან ჯაშუშებად მოიხსენიებენ. ამით აღნიშნული პოლიტიკური კურსის გამტარებლები აყენებენ შეურაცხოფას ქართველი ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკურ ინსტიტუტს – ქვეყნის პარლამენტს და მათთვის ჩვეულ ფორმებში ახორციელებენ აგრესიული პოზიციის დაფიქსირებას იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებმაც განსაკუთრებით დიდი შრომა გასწიეს პოლიტპატიმართა შესახებ დადგენილებისა და ამნისტიის შესახებ კანონის მიღებაზე. ეს ყველაფერი მიანიშნებს მათ პოლიტიკურ “თვითლუსტრაციაზე”, რომ რეალურად მათი მმართველობის პერიოდში მიმდინარეობდა მოსახლეობის წინააღმდეგ პოლიტიკური რეპრესიების პროცესი.
ამა წლის 8 თებერვალს სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” პარტაქტივის მიერ გამოხატული ზღვარგადასული აგრესიის დემონსტრირება გახდა მათ მიმართ მკვეთრად გამოხატული უარყოფითი ემოციების გამოხატულების მიზეზი. მათ ჯერ ღირსება შეულახეს, პოლიტიკური მოტივით ჯოჯოხეთი გამოატარეს, მკვლელები, ჯაშუშები და ქვეყნის მტრები უწოდეს იმ ხალხს ვინც იყო მათი პოლიტიკური დევნის მსხვერპლი. და ესეც არ აკმარეს და მორიგი ბინძური პროვიკაციული კამპანია წამოიწყეს, დააბრალეს რა პოლიტპატიმრების სტატუსის მიღებაში ფულის გადახდა.
ცნობილი ამერიკელი უფლებადამცველი მარტინ ლუთერ კინგი ამბობდა: “უსამართლობა სადმე არის, სამართლიანობისთვის შექმნილი საშიშროება ყველგან”. ამიტომაც ჩვენთვის, 21-ე საუკუნის პოლიტპატიმრებისთვის და უფლებადამცველებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია დავიცვათ სამართლიანობა ჩვენს ქვეყანაში და ამას ჩვენ განვახორციელებთ მშვიდობიანი და სამართლის ჩარჩოებში მოქმედი ფორმებით, მათ შორის სასამართლო წესითაც, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთაც.
თბილისი, 2013 წლის 12 თებერვალი, For.ge კლუბი