გიორგი ვოლსკი:

გიორგი ვოლსკი:

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი საკონსტიტუციო ცვლილებებზე საპარლამენტო უმცირესობასთან შეთანხმების წინაპირობებს ვერ ხედავს.

ამის შესახებ ვოლსკიმ "პირWელს" პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების შეფასებისას განუცხადა.

"სახეზეა "ნაცმოძრაობის" მცდელობა მორიგი სიცრუე გაავრცელონ და ამ სიცრუის ადრესატი კვლავ საერთაშორისო თანამეგობრობაა. დღის წესრიგში დგას საგანგებო მნიშვნელობის საკითხი - ძალუძს თუ არა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ხალხისთვის მიცემული პირობა შეასრულოს და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზით ატაროს. და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია, შეძლებენ თუ ვერა უმცირესობის წარმომადგენლები, ჩვენი თანამოქალაქენი, პატიოსნად მოექცნენ საზოგადოებას. ყველაფერი დღესავით ნათელია - ჩვენ ვამბობთ, რომ 21-ე საუკუნის ევროპული სახელმწიფოსთვის ერთპიროვნული, ავტორიტატული მართვის სისტემა დაუშვებელია. ეს რეალობა კიდევ უფრო მიუღებელია, თუკი კონკრეტულ ადამიანს ხელისუფლების უზურპირებისათვის არა მარტო საკონსტიტუციო ნორმები აძლევს ქვეყნის არევის შესაძლებლობას, არამედ პიროვნული თვისებები და ინტერესებიც. რა არის ამაში გაუგებარი?! განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა, დასავლური ფასეულობების დამცველის როლის თამაში, სააკაშვილისათვის საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ მექნიზმად იქცა. მას სურს, ისეთი სურათი შექმნას, თითქოს მის წინააღმდეგ სწორედ პროდასავლურობის გამო იბრძვიან, ის კი პრომეთეს შემართებით ბნელ ხალხში სინათლის შემოტანას ცდილობს. "ნაცმოძრაობის" საპარლამენტო უმცირესობამ კარგად იცის, რომ მოთხოვნა კონსტიტუციიდან აშკარა ავტორიტატული ნორმის ამოღების თაობაზე სამართლიანია, ოფიციალურად აღიარებენ კიდეც, მაგრამ ახლა თითიდან ახალი არგუმენტი გამოიწოვეს - დათანხმდებიან კონსტიტუციიდან ანტიდიქტატორული ნორმის ამოღებას, თუკი ჩვენ დავეთანხმებით საკონსტიტუციო ნორმად ვაქციოთ ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ნატო-ს წევრობა. ამ უხეირო ვაჭრობის პროპაგანდისტული შეფუთვისათვის "ნაცმოძრაობამ" განზრახ თქვა უარი საგარეო კურსის თაობაზე ჩვენს მიერ შეთავაზებული დოკუმენტის პროექტის განხილვაზე. ვითომც არც უნახავთ, არც გაუგონიათ, არადა დოკუმენტი ჯერ კიდევ 18 იანვარს მივაწოდეთ. ამ პროექტში სწორედ კურსის უცვლელობის მნიშვნელობაზეა საუბარი", - განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, გიიორგი ვოლსკი ოპონენტებთან შეთანხმების ვერანაირ წინაპირობას ვერ ხედავს და ამის მიზეზებსაც ასახელებს.

"ნაცმოძრაობა" არ გამოხატავს დასავლურ ფასეულობებს, პირიქით, სწორედ მათმა ქმედებამ უმძიმესი დარტყმები მიაყენა დემოკრატიულ ინსტიტუტებს და საქართველოს, ქართველის იმიჯს. ადამიანები, რომელთა სინდისზეა არაერთი ქართველი ოჯახის უბედურება, დღეს დასავლურ ფასეულობებზე გველაპარაკებიან. ეს ცინიზმია. "ნაცმოძრაობა", მისი კონკრეტული ორატორები დისკრედიტაციას უკეთებენ დასავლურ ფასეულობებს, ნატო-ს, ევროკავშირს და დიდი ალბათობით, ეს გამიზნულად ხდება. საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ინტერესი განპირობებულია არა "ნაცმოძრაობის" პოზიციით, არამედ უსაფრთხოების განვითარების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრაგმატული სტრატეგიით. ჩვენ ამ სტრატეგიის რეალიზაციის რესურსი გაგვაჩნია, "ნაციონალურ მოძრაობას" კი ეს რესურსი არ აქვს. უფრო მეტიც, ეჭვებს ბადებს დაშვებული შეცდომების ხასიათი, რამაც საბოლოო ჯამში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციამდე მიგვიყვანა. "ნაცმოძრაობის" მიერ შემოთავაზებული ფორმულირებების კონსტიტუციაში შეტანის საკითხის წამოწევა მთავარი პრობლემის გადაფარვის მცდელობას წარმოადგენს და საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს. კონსტიტუცია არ შეიძლება, დისკრიმინაციული იყოს ადამიანებისადმი, თუნდაც მნიშვნელოვანი უმცირესობისადმი, რომლებსაც საქართველოს ნატო-ში გაერთიანება არ მიაჩნიათ მართებულად. ფაქტობრივად გვთავაზობენ, რომ ასეთი ხალხი, "ჩავრეცხოთ", ახლა უკვე კონსტიტუციის მეშვეობით. ასეთი მიდგომის წინააღმდეგია ნატო-ც და ევროკავშირიც", - აცხადებს ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში 78 დეპუტატის მიერ ინიცირებულია კანონპროექტი "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე", რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია პრეზიდენტის იმ უფლებამოსილების გაუქმება, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს პარლამენტის ნების წინააღმდეგ გადააყენოს არსებული მთავრობა, ხოლო შემდეგ შექმნას და განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს მის მიერ დანიშნული მთავრობა. იმავდროულად, თუ პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პარლამენტი აღარ გამოხატავს ხალხის ნებას, მას უფლება ექნება დაითხოვოს საკანონმდებლო ორგანო და დანიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ნებისმიერ დროს, მათ შორის, პარლამენტის არჩევნების ჩატარებიდან 6 თვისა და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო 6 თვის განმავლობაში. ამასთანავე, ახალი პარლამენტის მიერ ახალი მთავრობის შექმნამდე მთავრობის მოვალეობის შესრულებას გადაყენებული მთავრობა აგრძელებს.

ამასთან, საპარლამენტო უმცირესობა ზემოაღნიშნული ცვლილებების მხარდაჭერის სანაცვლოდ საქართველოს ევროატლანტიკური კურსის კონსტიტუციის დონეზე განსაზღვრას ითხოვს.