ეროვნულ ბიბლიოთეკასთან 8 თებერვალს განვითარებულ მოვლენებს უცხოური მედია ეხმაურება.
როგორც გამოცემა "ნიუ იორკ თაიმსი" წერს, ხელისუფლების ხუთთვიანი გაზიარების ექსპერიმენტი ღია კონფლიქტში გადაიზარდა. "პრეზიდენტის ყოველწლიურ მიმართვას დემონსტრანტებმა შეუშალეს ხელი.
აქციის მონაწილეებმა შეტევა მიიტანეს თბილისის მერ გიგი უგულავაზე", - წერს "ნიუ იორკ თაიმსი" და "პალიტრა ტვ"-ის ვიდეომასალის ბმულს ავრცელებს.
გაზეთი წერს, რომ აღნიშნული მოვლენების შემყურე პოლიცია უძლური იყო, ან სურვილი არ ჰქონდა, გაეკონტროლებინა ხალხის მასა, რომელიც პრეზიდენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოსვლას ეწინააღმდეგებოდა.
"გავრცელებული ინფორმაციით, - ჩხუბის დროს დაშავდა "ნაციონალური მოძრაობის" ხუთი წევრი", - წერს "ნიუ იორკ თაიმსი".
როგორც ამერიკული გაზეთის სტატიაშია აღნიშნული, პარასკევის კონფრონტაცია ბიძინა ივანიშვილის კოალიციის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს პარლამენტში გამოსვლის ნება არ დართო.
გაზეთი წერს, რომ სწორედ ამის შემდეგ, სააკაშვილმა თბილისში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გადაწყვიტა სიტყვით გამოსვლა. თუმცა შენობის წინ ასობით დემონსტრანტი, ძირითადად ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული ყოფილი პატიმრები შეიკრიბნენ. "ნიუ იორკ თაიმსი" აღნიშნავს, რომ
ერთ-ერთი მათგანი 57 წლის გიორგი გორელაშვილი გახლდათ, რომელიც, როგორც თავად აცხადებს, ორი წელი იხდიდა სასჯელს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით.
"მას არ აქვს სიტყვით გამოსვლის უფლება და ჩვენ არ მივცემთ ამის ნებას. სააკაშვილი აღარ არის პრეზიდენტი", - მოჰყავს გაზეთს გორელაშვილის ციტატა.
როგორც "ნიუ იორკ თაიმსი" აღნიშნავს, მომხდარში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.
პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება კიდევ ერთი ამერიკული გამოცემა - "ვაშინგტონ პოსტი". გაზეთი წერს, რომ ამ პროტესტმა ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ დაძაბულობას, რომლისთვის დამახასიათებელი კონფლიქტური პოლიტიკა კიდევ უფრო ხმაურიანი გახდა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილის პარტიის მარცხის შემდეგ.
8 თებერვლის მოვლენებზე "ბიბისიც" წერს. "ბიბლიოთეკის წინ შეკრებილები პრეზიდენტ სააკაშვილს ადამიანების უფლებების შეურაცხყოფასა და განსხვავებული აზრის ჩახშობაში ადანაშაულებენ. მომხდარის შედეგად დაშავდნენ პარლამენტარები და ქალაქის მერი", - აღნიშნავს "ბიბისი".
გუშინდელ მოვლენებს აფასებს "ევრაზიანეტიც", რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე აქვეყნებს მასალას სათაურით – "უფრო კონფლიქტი, ვიდრე კოაბიტაცია".
როგორც "ევრაზიანეტი" წერს, ძალაუფლებისთვის მანკიერი ბრძოლა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის, სწრაფად ითრევს საქართველოს პოლიტიკური არეულობის მორევში, რომელსაც არაპროგნოზირებაში შედეგები მოჰყვება.
"8 თებერვლის ჩხუბიც, ივანიშვილის მხარდამჭერებისა და ყოფილი პატიმრების მონაწილეობით, ამის ზუსტი ამსახველია", - წერს "ევრაზიანეტი".