ვანო ჩხარტიშვილი: „ჩემსა და ქალბატონ ინა გუდავაძეს შორის სააკაშვილის რეჟიმის მიერ ინსპირირებულ დავასთან დაკავშირებით პროკურატურამ დადგენილება მიიღო“

ვანო ჩხარტიშვილი: „ჩემსა და ქალბატონ ინა გუდავაძეს შორის სააკაშვილის რეჟიმის მიერ ინსპირირებულ დავასთან დაკავშირებით პროკურატურამ დადგენილება მიიღო“

პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილის ცოლს ინა გუდავაძეს ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ ყველა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა.

ამის შესახებ დღეს "თბილისი მარიოტში" გამართულ პრეს-კონფერეციაზე ჩხარტიშვილის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა, რომელმაც ჟურნალისტებს პროკურატურის მიერ 26 იანვარს მიღებული დადგენილება გააცნო, რომლის თანხმადაც, ვანო ჩხარტიშვილთან დაკავშირებულ ყველა საქმეზე სისხლის სამართლებლივი ძიება შეწყდა

აღნიშნულთან დაკავშირებით ვანო ჩხარტიშვილმა განცხადება გაავრცელა, რომელსაც for.ge  უცვლელად გთავაზობთ:

საზოგადოებისათვის ცნობილია ჩემსა და ქალბატონ ინას შორის არსებული გაუგებრობების შესახებ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ ბადრი პატარკაციშვილის   გარდაცვალებიდან მეოთხე წელს  იქნა ინიცირებული.

ჩემთვის ადამიანურად მძიმე და მორალურად მიუღებელი იყო გარდაცვლილი მეგობრისა და საქმიანი პარტნიორის მეუღლესთან დავა. ამიტომაც, კითხვების გაჩენის პირველივე დღიდან ქალბატონ ინას  წინადადებით მივმართე, საკამათო საკითხები მსოფლიოში ცნობილი აუდიტორული კომპანიების მეშვეობით გადაგვეწყვიტა.  სამწუხაროდ, მოლაპარაკებები თბილისის მერმა გიგი უგულავამ ჩაშალა. მისივე ზეწოლითა და შანტაჟით დავამ სასამართლოში გადაინაცვლა.

ავტორიტეტულმა საერთაშორისო სასამართლომ, რომელიც ქალბატონმა ინამ თვითონ შეარჩია, 2012 წლის ივნისში  უარი უთხრა მას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.  სააკაშვილის ხელისუფლებამ ამ მარცხზე რევანში  სცადა და ქალბატონი ინას წარმომადგენელს 2012 წლის  ივნისშივე სარჩელი შეატანინა  საქართველოს პროკურატურაში.  

1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როცა სააკაშვილი იძულებული გახდა  პროკურატურა დაეთმო, უგულავამ და მისმა თანამზრახველებმა   ახალ   ხელისუფლებასა და  პროკურატურაზე ზეწოლა პასკვილებისა   და ცილისწამებათა ტირაჟირებით სცადეს ,   მაგრამ ამაოდ. გასულ კვირას, საქართველოს პროკურატურამ მიიღო დადგენილება, რომლითაც  უსაფუძვლოდ ცნო ინა გუდავაძის მოთხოვნები, უარი უთხრა   სარჩელის  დამაყოფილებაზე და ამით საბოლოო  წერტილი დაუსვა სააკაშვილის რეჟიმის  მიერ ინსპირირებულ დავას.

ეს არის სიმართლის გამარჯვება და გამარჯვება არა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახზე, არამედ ჭორებითა და სიცრუით  ადამიანების ერთმანეთზე გადაკიდების, დაპირისპირებების პროვოცირების,  შურის , ქიშპისა და გაუტანლობის იმ ატმოსფეროზე,  რომელიც ბადრი პატარკაციშვილის მკვლელმა სააკაშვილის რეჟიმმა დაამკვიდრა საქართველოში.  მომავალშიც  ვიქნები ბოლომდე პრინციპული და  თანმიმდევრული ყველა იმ საკითხის მიმართ, რომელიც ჩემთან დაკავშირებით  საზოგადოებაში დაისმება. 

ჩემთვის ეს საქმე  იყო არა ბანალური  ბიზნეს- დავა, არამედ, - დავა ღირსებისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ  ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის მიმართ მაქვს და ყოველთვის მექნება მორალური პასუხიმგებლობა. ამიტომ,   მიუხედავად საერთაშორისო სასამართლოს  და საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებებისა და  იმისა, რომ სამართლებრივი დავა საქართველოს ტერიტორიაზე ამოიწურა და გადაწვეტილებები მიღებულია  ჩვენს სასარგებლოდ ,  არ ვხურავ კარს და მოვუწოდებ ქალბატონ ინას, ყოველგვარი წინაპირობის  გარეშე დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დავასრულოთ ყველანაირი გაუგებრობა.

29 იანვარი 2013 წ.
ლონდონი
ვანო ჩხარტიშვილი