ბერძენიშვილი უგულავას ქართულ ლექსიკონში ჩახედვას ურჩევს

ბერძენიშვილი უგულავას ქართულ ლექსიკონში ჩახედვას ურჩევს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, თბილისის მერ გიგი უგულავას ნორმატიული და არანორმატიული ლექსიკა ერთმანეთში აქვს აზელილი.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბერძენიშვილმა განაცხადა, უგულავას კითხვაზე - „როდის დაამთავრებს ახალი მთავრობა აი, ამ ჩუკენობას და როდის გადავა ახალი მთავრობა რეალური საქმის კეთებაზე?“ პასუხს მას შემდეგ  გასცემს, რაც მერს სიტყვის  „ჩუკენობა“ მნიშვნელობა ეცოდინება.

„შთაბეჭდილება მრჩება, რომ უგულავას ნორმატიული და არანორმატიული ლექსიკა ისე აქვს ერთმანეთში აზელილი, რომ ეტყობა,  ეს სიტყვა ლიტერატურული ჰგონია. განმარტოს - ამ სიტყვაში, თუ რას გულისხმობს, რადგან ეს არ არის შეკითხვა. შეკითხვის დასმას, თავისი ფორმა აქვს. თუ ამ სიტყვაში გულისხმობს იმას - თუ როდის მივაყენებთ მათ ძირითად დარტყმას, მინდა ვთქვა,  რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გაქრობის მომხრე არ ვარ. უზრდელობა კი არც მერისგან, არც პრეზიდენტისგან და არც უბრალო მომხრისგან არასდროს იქნება მოწონებული“, - დასძენს დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავამ მერიის თანამშრომლების დაკითხვებზე დაბარებასთან დაკავშირებით, ვრცელი განცხადება 26 იანვარს გააკეთა.