რუსთავში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიების სხდომა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
სხდომას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები არ ესწრებიან.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განცახდებით, თითოეულ განხილვაზე ცხარე დებატები იყო და ისინი ცდილობდნენ, განხილვები არ გადაქცეულიყო მიტინგად.
„საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებისთვის მიუღებელი გახდა ის კრიტიკული შენიშვნები, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვაზე მათი მისამართით ისმოდა“, - აცხადებს კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ უმცირესობამ პროტესტის ნიშნად კომისია გუშინ დატოვა. საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო–სახალხო განხილვა NDI-ს მიერ ორგანიზებულია. ცვლილებების განხილვა კი, რეგიონებში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ზუგდიდში უმცირესობას კვერცხები დაუშინეს, ოზურგეთსა და გორში კი, სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა.
პარლამენტში ინიცირებულია ორი საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ერთის მხრივ, პარლამენტის ადგილსამყოფელი უქმდება და მეორეს მხრივ, უქმდება პრეზიდენტის უფლებამოსილება, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევდა მთავრობა გადაეყენებინა პარლამენტის ნების საწინააღმდეგოდ, ხოლო შემდეგ განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს მის მიერ დამტკიცებული მინისტრთა კაბინეტი. ამავე საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში პრეზიდენტს შესაძლებლობა ეძლევა დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები ნებისმიერ დროს, მათ შორის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან ექვსი თვისა და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.