„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის კომისიას ტოვებს

„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის კომისიას ტოვებს

„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის საყოველთაო-სახალხო კომისიას ტოვებს.

ამის შესახებ for.ge-ს უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი თევდორაძემ განუცხადა.

მისი თქმით, კომისიის სხდომებზე, საკითხზე  შინაარსობრივი მსჯელობა არ მიმდინარეობს და ადგილი აქვს პოლიტიკურ დისპუტს.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ კომისიიდან გამოვიდეთ, რადგან ადგილი აქვს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას და დაძაბული ვითარების პროვოცირებას „ქართული ოცნება“ ახდენს. დღეს კი, გორში, ისედაც დაძაბული სიტუაცია ზაქარია ქუცნაშვილმა დაძაბა და უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა. კომისიაში მუშაობას აზრი არ აქვს, რადგან საკითხზე მსჯელობა არ ხდება და შედეგიც არ იქნება“, - განაცხადა თევდრორაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ინიცირებულია ორი  საკონსტიტუციო ცვლილებება,  რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციიდან პარლამენტის ადგილსამყოფელი ამოდის და მეორეს მხრივ, უქმდება პრეზიდენტის უფლებამოსილება, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევდა მთავრობა გადაეყენებინა პარლამენტის ნების საწინააღმდეგოდ, ხოლო შემდეგ განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს მის მიერ დამტკიცებული მინისტრთა კაბინეტი. ამავე საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში პრეზიდენტს შესაძლებლობა ეძლევა დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები ნებისმიერ დროს, მათ შორის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან ექვსი თვისა და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.

რაც შეეხება კომისიის მუშაობას, ცვლილებების განხილვა რეგიონებში ხმაურის ფონზე წარიმართა. კერძოდ, დაპირისპირება იყო ზუგდიდში, სადაც აკაკი ბობოხიძეს კვერცხები დაუშინეს, ხოლო გორსა და ოზურგეთში სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.