ლიტერატურული კონკურსი „საბა“-2013 დაიწყო (R)

ლიტერატურული კონკურსი „საბა“-2013 დაიწყო (R)

დღეიდან თიბისი ბანკი ოფიციალურად აცხადებს ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსის „საბა“ დაწყებას. წლევანდელი, რიგით მეთერთმეტე „საბა“ მნიშვნელოვან სიახლეს სთავაზობს საზოგადოებას: ამიერიდან კონკურსი საერთაშორისო მასშტაბს იძენს. მასში უცხოელი ლიტერატორები და მთარგმნელებიც მიიღებენ მონაწილეობას.

გაიზარდა ნომინაციების რაოდენობაც - წელს „საბა“ 10 ნომინაციაში გაიცემა. ახალი ნომინაცია, რომელიც კონკურსს დაემატა, გულისხმობს ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანის გამოვლენას და დაჯილდოვებას.

ახალი პრიზის დაწესება მიზნად ისახავს ქართული ლიტერატურის უცხოურ ენაზე თარგმნის, მისი საზღვარგარეთ გატანა-პოპულარიზების წახალისებას. 

ამ ნომინაციაზე განიხილება ნებისმიერი ქართული (თანამედროვე თუ კლასიკური) ლიტერატურული ნაწარმოების თარგმანი ნებისმიერ უცხოურ ენაზე, რომელიც წიგნად არის გამოცემული საქართველოს საზღვრებს გარეთ, უცხური გამომცემლობის მიერ. შესაბამისად, ამ ნომინაციაში კონკურსანტები იქნებიან ის ქართველი თუ უცხოელი მთარგმნელები, რომელთაც თარგმნეს ქართული ნაწარმოები.

ნომინაცია „ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი“ ისეთივე ყოველწლიური გახდება, როგორც „საბას“ დანარჩენი ტრადიციული 9 ნომინაციაა.

წელს, რადგანაც ეს ნომინაცია პირველად ჯილდოვდება, განხილვაზე მოხვდება ბოლო 3 წლის განმავლობაში შესრულებული, ქართული ნაწარმოებების უცხოური თარგმანები. მომავალი წლიდან კი ამ ნომინაციაზეც მოხდება მხოლოდ გასული ერთი წლის ნამუშევრების შეფასება.

„საბას“ 5-კაციანი ჟიური ყოველწლიურად იცვლება. წლევანდელი ჟიური მუშაობას თებერვლის შუა რიცხვებიდან შეუდგება და რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილავს და შეაფასებს 2011 წელს გამოცემულ ყველა ორიგინალურ მხატვრულ ნაწარმოებს, ასევე უცხოური ნაწარმოებების ქართულ თარგმანს.

რაც შეეხება „ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანის“ ნომინაციას, მასზე წარმოდგენილ ნამუშევრებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს, რომელიც ქართველი და უცხოელი ლიტერატორებისგან იქნება დაკომპლექტებული. სწორედ მათ მიერ წარმოდგენილ რეცენზიებსა და დასკვნებზე დაყრდნობით გამოავლენს გამარჯვებულ მთარგმნელს „საბას“ 5-კაციანი ჟიური.

 

ახალი, საერთაშორისო ნომინაციის დამატების შედეგად, პრემია „საბა“ წელს გაიცემა 10 ნომინაციაში:

  1. წლის საუკეთესო რომანი
  2. წლის საუკეთესო პოეტური კრებული
  3. წლის საუკეთესო პროზაული კრებული
  4. წლის საუკეთესო პიესა
  5. წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
  6. წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
  7. 7.    წლის საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა
  8. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
  9. ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი
  10. პრემია „საბა“ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

პრემია „საბა“ 2003 წელს დააფუძნა თიბისი ბანკმა და პენ ცენტრმა. პროექტის მუდმივი პარტნიორია სამაუწყებლო კომპნაია „რუსთავი 2“. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა, ამჯერად უკვე 10 ნომინაციის მიხედვით. გამარჯვებული ავტორები, „საბას“ პრიზთან ერთად, თიბისი ბანკისგან სოლიდურ ფულად პრემიებსაც მიიღებენ.

რაც შეეხება კონკურსში განაცხადების წარდგენის პირობებს:

  • „საბას“ კონკურსზე წიგნების წარდგენა დღეიდან დაიწყება და 10 თებერვლამდე გაგრძელდება.
  • განაცხადის წარდგენა შეუძლიათ როგორც გამომცემლებს, ისე თავად ავტორებს და მთარგმნელებს.
  • კონკურსზე განაცხადის წარდგენა ხდება ელექტრონულად, „საბას“ ვებგვერდის საშუალებით: მისამართზე www.saba.com.ge / „პრემია საბა“ / კონკურსი / კონკურსის განაცხადი
  • განაცხადის ლინკი: http://www.saba.com.ge/award/registration
  • სასურველია, კონკურსანტმა თავისი საკონკურსო წიგნის ელექტრონული ვერსია ატვირთოს  „საბას“  ელექტრონული  წიგნების  სახლში www.saba.com.ge, სადაც საზოგადოებას საშუალება ექნება, შეიძინოს და წაიკითხოს საკონკურსო წიგნის ელექტრონული ვერსია.