თუ იუსტიციის მინისტრი შეცდომას დაუშვებს, პრემიერს უფლება აქვს, საჯაროდ გამკიცხოს, - განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებით პრემიერის განცხადების კომენტირებისას.
წულუკიანის განცხადებით, ამ ეტაპზე მისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ ვიცე-პრემიერის თანამდებობას ირაკლი ალასანია პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების საფუძველზე ჩამოშორდა. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ჩაითვალა რომ ალასანიას აკისრია ისეთი დიდი ტვირთი, როგორიც არის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ქართულ ჯარზე ზრუნვა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა.
"აქედან გამომდინარე, პრემიერმა მასთან შეთანხმებით გადაწყვიტა, ალასანიას მოხსნოდა ის ზედმეტი ტვირთი, რაც არის ვიცე-პრემიერობა. თუ ორ ადამიანს შორის იყო ერთი-ერთზე შეხვედრა და ე.წ. მძიმე საუბრები, ამის შესახებ ჩემთვის ცნობილი არაფერია. ამ დიალოგიდან რამეც რომ ვიცოდე, საჯაროდ ამაზე მაინც ვერ ვისაუბრებდი. თავდაცვის მინისტრმა ამ საკითხზე კომენტარი უკვე გააკეთა, პრემიერმაც უფრო მეტი დეტალი გახადა საჯარო, შესაბამისად, მე მეტი კომენტარის გაკეთება ამ თემაზე არ მევალება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, არ დასწრებია "თავისუფალი დემოკრატების" პოლიტიკური საბჭოს იმ სხდომას, რომელზეც, სავარაუდოდ, ირაკლი ალასანიაზე, როგორც მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატზე იმსჯელეს.
"თუმცა ირაკლი ალასანიამ მკითხა აზრი და მე ვუპასუხე, თუ იქნება იგი კოალიციის ერთიანი კანდიდატურა და ეს იქნება ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული, რატომაც არა. იყო თუ არა ეს ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული ეს, ჩემთვის უცნობია. პარტიაში გამართულ აზრთა გაცვლა-გამოცვლაზეც არაფერი ვიცი, რადგან მას შემდეგ რაც იუსტიციის მინისტრი ვარ, ხშირად ვერ ვნახულობ დროს, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომებზე დასასწრებად", - განაცხადა წულუკიანმა.