პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, მოქმედი საკონსტიტუციო რეგულაცების თანახმად, პრეზიდენტს სრული შესაძლებლობა აქვს, პოლიტიკური კრიზისი და დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.
როგორც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტების საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიის სხდომაზე, ხმალაძემ განაცხადა, დღეს მოქმედი ნორმებით, პრეზიდენტს სრული შესაძლებლობა აქვს იმისა, რომ პოლიტიკური კრიზისი შექმნას.
„იმის თქმა არ მინდა, რომ პრეზიდენტი ამას აუცილებლად გააკეთებს, მაგრამ ამის შესაძლებლობა არსებობს და გვინდა, რომ ეს შესაძლებლობა მოვსპოთ, მიუხედავად იმისა, პრეზიდენტს ავი თუ კარგი სურვილები ექნება. პრეზიდენტს შეუძლია ნებისმიერ დროს, ერთი ხელმოწერის საფუძველზე მთავრობა გადააყენოს და ისეთი აღმასრულებელი ხელისუფლება დანიშნოს, რომელსაც პარლამენტის მხარდაჭერა არ ექნება“, - განმარტავს კანონმდებელი.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, უქმდება პრეზიდენტის უფლებამოსილება, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევდა მთავრობა გადაეყენებინა პარლამენტის ნების საწინააღმდეგოდ, ხოლო შემდეგ განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს მის მიერ დამტკიცებული მინისტრთა კაბინეტი. ამავე საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში პრეზიდენტს შესაძლებლობა ეძლევა დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები ნებისმიერ დროს, მათ შორის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან ექვსი თვისა და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.