გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს წერილობით აცნობა, რომ 2012 წლის 13 აგვისტოს ოლიმპიური ჩემპიონებისათვის გამართული კონცერტი და სხვა ღონისძიებები ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ დაფინანსებულა. წერილს ხელს მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი გიორგი ღვინიაშვილი აწერს. თეატრის ეზოში გამართულ კონცერტს ორგანიზებას შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზურაბ ჩხეიძე უწევდა. ის ისეთ ტექნიკურ საკითხებს აგვარებდა, როგორიც იყო მიკროფონების და ხმის გამაძლიერებლების მოწესრიგება.
გარდა ამისა, 13 აგვისტოს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გორის ადმინისტრაციული შენობის წინ 4 ავტობუსი დააფიქსირა, რომელშიც ნაციონალური მოძრაობის მაისურებით შემოსილი ახალგაზრდები ჩასვეს და აეროპორტში დასახვედრად გაუშვეს. აღნიშნულ პროცესს კი ორგანიზებას შიდა ქართლის გუბერნატორის მეორე მოადგილე რევაზ კახნიაშვილი და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციის უფროსი კახა ტოლიაშვილი უწევდნენ. ახალგაზრდებმა განგვიცხადეს, რომ მაისურები და დროშები ნაციონალური მოძრაობის ოფისში იმ დღეს დაარიგეს.
ჩვენს კითხვაზე, თუ ვისი თანხები იხარჯებოდა, გამგეობის ადმინისტრაციის უფროსმა კახა ტოლიაშვილმა კომენტარი არ გააკეთა. გამგეობიდან მიღებული წერილობითი პასუხის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის გორის ორგანიზაციას დავუკავშირდით. პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარიკა ზაქარაშვილმა კომენტარზე უარი გვითხრა.