გორის რაიონის სოფელ საქაშეთში კოალიცია ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერს ოთარ ბაბუნიშვილს ვარიანის შს სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომანქანა წაართვეს. ამის შესახებ ოთარ ბაბუნიშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა. მისი თქმით, მანქანა იმ დროს წაიყვანეს, როდესაც ის პოლიტიკური კოალიციის წევრებს ავტომანქანით გადაადგილებაში ეხმარებოდა. მანქანა პატრონს თვეზე მეტია არ დაბრუნებია.
ოთარ ბაბუნაშვილი იხსენებს, რომ მისი მანქანა ვარიანის შს სამმართველოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა გიორგი ლოხიშვილმა წაიყვანა.
,,როდესაც სოფლის გზაზე მანქანით მივდიოდი, პიკაპის მარკის ტიპის ავტომანქანა გაჩერდა. პოლიციელმა მითხრა, ღვედის არგამოყენების გამო უნდა დაგაჯარიმოთო. მე ვუთხარი, დამაჯარიმეთ-მეთქი. გადმოვიდა მეორე პოლიციელი მანქანიდან და მითხრა, შენ ნასვამი ხარო. მერე მანქანიდან უბნის რწმუნებული გიორგი ლოხიშვილი გადმოვიდა. შემოყო თავი სალონში და გასაღები გამოაცალა. ეს მანქანა ძებნაზეა და მანქანინად უნდა წაგიყვანოთო. მე ვუთხარი, ესე ვერ წამოვალ-მეთქი. პიკაპით ჯერ სახლში ჩამიყვანეს, გამოვიცვალე ტანსაცმელი და მოვტრიალდით. მანქანა ადგილზე აღარ დაგვხვდა, უკვე წაღებული იყო. წავედით პოლიციის ვარიანის განყოფილებაში. შემამომწმეს სიმთვრალეზე, არაფერი ამომივიდა და გამომიშვეს. მანქანა დღემდე არ დამიბრუნეს. მივმართე სამხარეო პოლიციის უფროსსაც. გავაფრთხილე, რომ მანქანა წაღებულია და თუ რამე ამ მანქანით მოხდა, პასუხს არ ვაგებდი. ალბათ, მალე გაარკვევენ, რა უნდათ. თუ მანქანა ძებნაზეა, აქამდე რატომ ვერ გაიგეს? მით უმეტეს, წინა დღეებში რამდენიმე ჯარიმა გამომიწერეს ქალაქში.” – ამბობს ოთარ ბაბუნაშვილი.
,,ქართული ოცნების” გორის მაჟორიტარი კანდიდატი სოსო ვახტანგაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ხშირია მუქარები იმ პირებზე, რომლებიც ,,ქართულ ოცნებაში” გაწევრიანებას აპირებენ. ,,უმრავლეს შემთვევაში ასეთი ზარის ავტორები ე.წ. კეთილისმსურველები არიან და აფრთხილებენ, რომ გაწევრიანების შემთვევაში პრობლემები შეექმნებათ” – ამბობს სოსო ვახტანგაშვილი.