პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალციხეში იუსტიციის სახლის გახსნისას 2008 წლის ომის შემდეგ ფოთში ჩასვლის დეტალები გაიხსენა. მისი თქმით, რუსული საოკუპაციო ჯარების მიერ გზების გადაკეტვის გამო, თანხმლებ პირებთან ერთად იძულებული გახდა თვითმფრინავით ჩაფრენილიყო, ამ დროს კი ფოთის თავზე რუსული მოიერიშე თვითმფრინავები დაფრინავდნენ. სააკაშვილის მტკიცებით, მაშინ რუსმა სამხედროებმა მისი დაჭერაც კი მოინდომეს, მაგრამ ადგილობრივმა პოლიციამ ოკუპანტებს ამის საშუალება არ მისცა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იმ სამართალდამცველებს, რომლებმაც რუს სამხედროებს საქართველოს ქალაქებში შესვლის საშუალება არ მისცეს.