საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები გუშინდელი დღიდან იმყოფებიან იმერეთში, რათა გამართონ ინტენსიური შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან მათი პრობლემების მოსასმენად. თუმცა გუშინ ღამით პირიქით, გარემოს დაცვის მინისტრის მუსიკალური შემოქმედების მოსმენა მოუხდათ ქუთაისელებს.
Newpress.ge-ის ინფორმაციით, გუშინ საღამოს ქუთაისში კონცერტს ადგილობრივი მომღერალი სალომე ქათამაძე მართავდა, რასაც შეუერთდა მინისტრი ხაჩიძე, საკუთარი ინსტრუმენტით, რომელიც, როგორც მან აღნიშნა, ყოველთვის თან დააქვს. ამის შემდეგ მინისტრმა რამდენიმე კომპოზიცია შეასრულა.
საქართველოს მთავრობის წევრები გუშინ, 1 აგვისტოს შეკრიბა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ქუთაისში, სადაც განაცხადა, რომ მინისტრები ერთი კვირის მანძილზე დარჩებიან იმერეთში, "მთელ იმერეთს მოივლიან, გამართავენ მოსახლეობასთან შეხვედრებს, მოისმენენ მოსახლეობის პრობლემებს".
გუშინ თავად პრემიერ-მინისტრი მერაბიშვილი სამტრედიაში იმყოფებოდა, სოფელ დიდ ჯიხაიშში, სადაც სოფლის მეურნეობის საკითხებზე ესაუბრა ადგილობრივ ფერმერებს. ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი კი თერჯოლას ეწვია, სადაც ჯანდაცვის სადაზღვევო პოლისი გადასცა ერთ-ერთ ადგილობრივ ოჯახს და შეხვედრა გამართა ადგილობრივი საავადმყოფოს მედპერსონალთან.